April 18, 2011

პოლ ოსტერი: ნიუ-იორკული ტრილოგია

პოლ ოსტერი
ნიუ-იორკული ტრილოგია
მთარგმნელი: ქეთი ქანთარია
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2008


ვისაც 1995 წლის ფილმი ”Smoke” უნახავს, ისიც ეცოდინება, რომ სცენარის ავტორი ამერიკელი მწერალი პოლ ოსტერია. თუ ეს ფაქტი გამორჩა, ისტორიები მაინც ემახსოვრება აწონილი კვამლის, შვილზე უმცროსი მამის, ბებია ეთელთან სტუმრობისა და თამბაქოს გასახვევ ქაღალდად გამოყენებული რომანის შესახებ. ემახსოვრება და დამეთანხმება, რომ პოლ ოსტერი კარგი მეამბეა. ”ნიუ-იორკული ტრილოგიისთვის” რა აღარ უწოდებიათ: ” რომანი-ექსპერიმენტი”, ” ანტი-დეტექტივი”, ”მისტერიები მისტერიების შესახებ”, მაგრამ პირველ რიგში ისიც საინტერესოდ დაწერილი ამბების ნაკრებია.

”ნიუ-იორკული ტრილოგია” სამი, სხვადასხვა დროს დაწერილი რომანის კრებულია, რომელიც 1987 წლიდან მოყოლებული ერთ წიგნად გამოიცემა. სამივეს მართლაც დაჰკრავს მისტერიის ელფერი და დეტექტივის ჟანრის ელემენტებსაც შეიცავს, მაგრამ ადვილი მისახვედრია რომ ეს, პირველ რიგში, ადამიანის შინაგანი სამყაროს გამოხატვის მორიგი, ოსტატურად შერჩეული ხერხია.

”შუშის ქალაქის” მთავარი პერსონაჟი დენიელ ქუინია, მოდერნიზებულ ბრუკლინში მცხოვრები დონ კიხოტი, რომელიც წარმოსახვებს ებრძვის და ამით საკუთარ თავს გაურბის. სამაგიეროდ სტილმენის ლანდად იქცევა და მისი დევნის პირველივე დღეს საჩოთირო მდგომარეობაში ვარდება - გრანდ სენტრალზე ორ სტილმენს ხედავს. კაცებს შორის მსგავსება იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ინტუიციით უნდა გაარჩიოს, რომელია მისი სამიზნე და რომელი - არა. ეს არჩევანი მის მთელ ცხოვრებას შეცვლის; იმდენად, რომ ერთ დღეს, მრავალ ჭირ-ნახული ქუინი, რომელსაც უკვე დიდი ხანია პოლი ჰქვია, ვიტრინაში საკუთარ ანარეკლსაც ვეღარ იცნობს. ამავე რომანში ერთი ძალიან საინტერესო დიალოგია სერვანტესის ”დონ კიხოტის” შესახებ, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს წიგნის აღქმის პროცესში, თუმცა სამწუხაროდ ის ისე მჭიდროდაა ნაწარმოების დანარჩენ ნაწილთან დაკავშირებული, რომ კონტექსტის გააზრების გარეშე ვეჭვობ ვინმესთვის საინტერესო იყოს და მისი აქ ციტირებაც უშედეგო იქნება.

”აჩრდილები” - ტრილოგიის მეორე წიგნი - მოცულობით შედარებით მცირე, მაგრამ ძალიან დინამიური რომანია. ”იყო და არა იყო რა, უპირველეს ყოვლისა, იყო ბლუ. მოგვიანებით თხრობაში შემოდის უაითი, მის კვალდაკვალ ბლექი, მაგრამ თავიდან იყო ბრაუნი” - ასე იწყება მისი პირველი აბზაცი და ამავე ტემპით იკითხება ბოლო წერტილამდე. ფილმის კადრებივით ენაცვლება ერთმანეთს აღწერილი ამბები. ქუჩის ორ მხარეს მდგარ შენობებში, ერთმანეთის მოპირდაპირე ორ ფანჯარას მიღმა სარკისებური მოქმედება მიმდინარეობს. ბლუ და ბლექი ერთმანეთის ანარეკლებად იქცევიან, ერთმანეთსა თუ საკუთარ თავში იკეტებიან და გაცრეცილი არსებობით იმავე ქუჩაზე წლების წინათ მოხეტიალე დიკენსის, უიტმენის, ბიჩერისა თუ სხვათა აჩრდილებს არ ჩამოუვარდებიან.

ტრილოგიის მესამე წიგნი ”დაკეტილი ოთახი” მეტად დეტალიზებულია. თანაც პირველ პირშია მოთხრობილი და მკითხველს დეტალებში უფრო ღრმად ჩახედვის საშუალებას აძლევს. აქაც საკუთარი თავის ძიებისა და დამკვიდრების საკითხებია წინ წამოწეული. მთხრობელის ბავშვობის მეგობარი უჩინარდება და მის ადგილს ცხოვრებაში ფაქტობრივად ავტორი იკავებს. "ადამიანის ცხოვრება, საბოლოოდ, საკუთარი თავის გარდა არაფერზე დაიყვანება. რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ცხოვრება უაზრობაა”,- ასკვნის მთხრობელი ერთ ეპიზოდში და ამ უაზრობით გაოგნებული უმიზნოდ, საკუთარ პიროვნებაში გასარკვევად დაიარება. ჩვენ ყველანი ვიღაცას აჩრდილებივით დავდევთ, რათა ან მათ შევუერთდეთ და დავიკარგოთ, ან პირიქით, აქეთ შემოვიერთოთ. სხვანაირად არსებობა, უბრალოდ, წარმოუდგენლად გვეჩვენება.

აი, ასეთი ამბებითაა სავსე ნიუ-იორკული ტრილოგია. არ დაგავიწყდეთ ამ ყველაფერზე გადასმული ცოტაოდენი აბსურდი, საინტერესო ისტორიული ფაქტები, დეტექტივის ჟანრის ელემენტები და სამი მოულოდნელი და ბუნდოვანი ფინალი. დიდი იმედი მაქვს, ამ გემრიელი ლუკმით ჩემსავით ისიამოვნებთ.