December 7, 2010

ოსნე საიეშტადი : ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე


მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე
ყდის დიზაინი: მართა თაბუკაშილი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009

არ ვიცი ერთი გვერდის წაკითხვას რამდენ ხანს ვანდომებ; ალბათ წუთზე ცოტა მეტს, მაგრამ ფაქტია, რომ “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრის” კითხვისას 302 გვერდის განმავლობაში საშინელი ბრაზი მახრჩობდა.
წიგნის ავტორი დღემდე სასამართლო პროცესშია ჩართული – ნაწარმოების მთავარი გმირის პროტოტიპი და მისი ოჯახი უჩივიან პირადი ცხოვრების დეტალების გამოაშკარავებისა და ფაქტების დამახინჯებისთვის, მაგრამ რაც არ უნდა გაზვიადებული იყოს აღწერილი მოვლენები, ისინი მაინც შემზარავ ამბებად რჩებიან ჩემთვისაც და უამრავი სხვა მკითხველისთვისაც.

ოსნე საიეშტადი (Åsne Seierstad) ნორვეგიელი ჟურნალისტი და ომის კორესპონდენტია, რომელმაც რამდენიმე თვე გაატარა ქაბულში წიგნებით მოვაჭრის სახლში სტუმრის სტატუსით და შედეგად წიგნიც დაწერა, რომლის შესახებაც მასპინძელი წინდაწინვე გააფრთხილა და ნებართვაც მიიღო მისგან.

ავტორი გვიყვება ისტორიებს, რომელთაგან ზოგიერთს თავად შეესწრო, დანარჩენი კი ოჯახის სხვადასხვა წევრის მონათხრობებიდან ამოკრიფა.

ავღანეთი რომ ადამიანთა და განსაკუთრებით – ქალთა უფლებების დარღვევების კერაა, პირველად ამ წიგნიდან არ გამიგია და ადრე წაკითხული, ნანახი და გაგონილიც კმაროდა შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად; თუმცა აღშფოთების დონეზე ამას არ უმოქმედია. აღარ აქვს მნიშვნელობა არსებული ვითარება ვისი ბრალია - თალიბებისა თუ უხსოვარ დროში ჩასახული უძველესი ტრადიციების. ვერასოდეს შევძლებ პარკში ბიჭთან ერთად გასეირნების გამო გოგონას დედის ნებართვით ძმების მიერ მოკვლის გამართლებას; ისევე როგორც ვერავითარი ტრადიციით ვერ ვამართლებ რამდენიმე თვის წინ Time Magazine-ის ყდაზე გამოსახული ცხვირ და ყურებ-წაჭრილი ქალის მიმართ გამოჩენილ სისასტიკეს. ასეთი ამბები კი მრავლადაა წიგნში. იმდენად მრავლად, რომ ღამე მშვიდად ძილს არ გაცლიან. თუმცა, მარტო ქალთა ყოფას ნამდვილად არ ეხება ავტორი. ეს მე, როგორც მდედრობითი სქესისა და ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანს დამამახსოვრდა ასე მკაფიოდ.

ზოგი პერსონაჟი შემეცოდა, ზოგიც შემზიზღდა, ზოგის ვერაფერი გავიგე, მაგრამ არც ერთი შემყვარებია. დამაბნია სულთან ხანის არსებაში მოქცეულმა საოცარმა პოლარულობამ - ის ერთის მხრივ განათლებული, ლიბერალური შეხედულების მქონე, ფანატიზმის მოძულე წიგნებით მოვაჭრეა, მეორეს მხრივ კი აუტანელი, სისასტიკით გაჯერებული პატრიარქი. ვერ გავუგე ვერც შარიფას - სხვათა გასაჭირის გაგების იოტისოდენა უნარიც რომ არ გააჩნია, არადა თვითონაც იგივე გზა აქვს გამოვლილი. მძაგს მანსური მისი ასეთი უნიათობისათვის. მეცოდება და მაბრაზებს ლეილა თავისი მორჩილებით, ბრძოლის უუნარობითა და შანსების ხელიდან გაშვების გამაოგნებელი მოხერხებულობით. ძალიან ბევრი მატირა დურგლის ოჯახმა. წიგნის დასრულებისას კი მივხვდი, რომ ვერავის ვერაფერში დავადანაშაულებ. ვერაფერს მოითხოვ ხალხისგან, რომელიც აიძულეს ფრანის გაშვებისა და საკუთარ ქორწილში ცეკვის უფლების მიცემისათვის მადლობელი იყოს.

მწარე წიგნია. არ ვიცი სასამართლო პროცესი როგორ დასრულდება და ეთიკურად რამდენად გაამართლებენ მის გამოქვეყნებას, მაგრამ მე მიხარია, რომ ქართულ ენაზე ითარგმნა. კიდევ ბევრი შემიძლია დავწერო, მაგრამ შეიძლება რაიმე ზედმეტი წამომცდეს და არასაჭირო ინფორმაცია მოგაწოდოთ წინასწარ. ”ქაბულელი წიგნებით მოვაჭრის” წაკითხვას სიამოვნებას ვერ დავარქმევ, მაგრამ კარგი იქნება, თუკი თქვენც გადაიკითხავთ.

p.s. ქართულ ინტერნეტ სივრცეში ამ ნაწარმოების კიდევ ერთი მიმოხილვა აღმოვაჩინე და ვთვლი, რომ აქ მისი ლინკის დადება უადგილო სულაც არ იქნება.

5 comments:

  1. გაგიგკვირდება და წაკითხულო მაქვს ეს წიგნი და ძალიან მომეწონა, კარგად ჩანს ავღანელების ცხოვრება,პოლიტიკა, წეს-ჩვეულებები

    ReplyDelete
  2. რატომ უნდა გამიკვირდეს? :) წიგნი მეც მომეწონა და თარგმანითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

    ReplyDelete
  3. :(((( რომ წავიკითხე მთელი თვე თავიდან არ ამომდიოდა დრურგლის ისტორია და ლეილას შანსის ასე ცუდათ დამთავრების ამბავი :((((( რამდენჯერაც ეს წიგნი მახსენდება იმდენჯერ ბრაზი მაღჩობს :((

    ReplyDelete
  4. მაინტერესებს ეს წიგნი, ძალიან ბევრმა მირჩია წაკითხვა.ხოდა მშვენიერი მიმოხილვა იყო :)

    ReplyDelete
  5. გმადლობთ:)

    ნამდვილად კარგი წიგნია. არა იმდენად მხატვრული თვალსაზრისით, რამდენადაც თავისი ინფორმატიული დატვირთვის გამო.

    ReplyDelete