უპოსტოდ დარჩენილი წიგნები

მუდმივად განახლებადი გვერდი

ეს გვერდი იმ წიგნებისთვისაა გამოყოფილი, რომლებსაც ვკითხულობ, მაგრამ მათზე პოსტის დაწერა ბლოგის ფორმატს და კონცეფციას დაარღვევდა. უმეტეს შემთხვევაში იმიტომ, რომ მათ უცხო ენაზე ვკითხულობ, ბლოგი კი ქართულ ენაზე თარგმნილ ლიტერატურას ეძღვნება (ყოველ შემთხვევაში - ჯერჯერობით).


Sapphire - "Push" (Precious) -ფილმი "Precious" რომ არ გადაეღოთ გერდას შეიძლება შვედეთში ეს წიგნი არც ეყიდა; შესაბამისად ვერც საქართველოში ჩამოიტანდა და თაკოს აჩუქებდა, რომლისგანაც მე ვითხოვე ეს თხელყდიანი რომანი, ერთ დღეში წავიკითხე და მერე ღამე ვეღარ დავიძინე. ძალიან კარგად დაწერილი წიგნი! ერთ-ერთი საუკუთესო გამოსახულება იმისა, თუ რამხელა ოსტატობაა საჭირო ყველაფერი ისე თქვა რომ სათქმელი მკითხველამდე მთელი სისავსით მიიტანო და რა სიამოვნებაა ასეთი ნამუშევრის წაკითხვა. (ფილმი დღემდე არ მინახავს, აღარ მჭირდება)  
                                                 

Maya Angelou-I know why the caged bird sings -მაია ენჯელოუ ამერიკელი პოეტი ქალია. ძალიან კარგი პოეტი და რამდენიმე პროზაული ნაწარმოებიც აქვს, ძირითადად ავტობიოგრაფიული ხასიათისა. "ვიცი, რატომ გალობს ჩიტი გალიაში” (ჩემეული თარგმანი :) ) ციკლის პირველი ნაწარმოებია. ენჯელოუ თხრობას იმ პერიოდიდან იწყებს, როცა 50-იანი წლების რასიზმით გაჟღენთილი აშშ-ს სამხრეთში ბებიასთან მცხოვრები პატარა შავკანიანი გოგონა იყო და 17 წლის ასაკში პირველი შვილის გაჩენით ასრულებს. პიროვნული განვითარებისა და ჩამოყალიბების  ურთულესი გზაა აღწერილი, მაინც პოეტურად გადმოცემული. 


Harper Lee - To Kill a Mockingbird -
თუ არ ვცდები ”მოკალი ჯაფარას” თარგმნა იგეგმება, მაგრამ ნებისმიერს, ვისაც მისი წაკითხვა ინგლისურად შეუძლია, ვურჩევ ეს სიამოვნება ხელიდან არ გაუშვას (იგივეს ვიტყოდი Precious-ზეც). მოქმედების ადგილი - კვლავ აშშ-ს სამხრეთი. რასიზმი, კანონი, ადამიანურობა,  საზოგადოების სისასტიკე- ყველაფერი ჩაეტია ამ ნაწარმოებში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მგონია რომ ყველას უნდა, ატიკუს ფინჩისნაირი მამა ჰყავდეს.


Margaret Atwood - Oryx and Crake - აღფრთოვანებული ვარ მითოლოგიის, მეცნიერული ფანტასტიკისა და რეალიზმის ასე შერწყმის უნარითა და წერის მანერით. წიგნი პოსტ-აპოკალიპტური სამყაროს პირველი დღეეების შესახებ აპოკალიფსამდე მიმავალი გზისა და მოვლენების აღწერის თანხლებით. უმდიდრესი ენით აღწერილი და გადმოცემული დროის ორის ხაზი; იდეის ორი მხარე; გენეტიკის, იუმორის გრძნობისა და სიყვარულის მნიშვნელობა. ბოლოს კითხვა გამიჩნდა - ეს ყველაფერი ჰიპოთეტური მომავალია თუ წარსული?