March 19, 2011

ჰარუკი მურაკამი: ნადირობა ცხვარზე

ჰარუკი მურაკამი
ნადირობა ცხვარზე
მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

რამდენიმე რამ უნდა ვაღიარო და რაღაცებში გამოვტყდე:
  1. ძალიან ბევრჯერ ჩამივლია გულგრილად მურაკამის წიგნებისთვის მაღაზიებში
  2. ამ კონკრეტული ნაწარმოების კითხვისას 70-ე გვერდზე ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოვედი, რას ვკითხულობდი
  3. სანამ წიგნის შესახებ რამეს დავწერდი, ინტერენტში სხვათა მოსაზრებები მოვიძიე
  4. ვერ გამირკვევია, თარგმანით დავრჩი უკმაყოფილო თუ მურაკამის წერის მანერით
  5. ვერასოდეს ვიქნები დარწმუნებული, გავიგე თუ არა ”ნადირობა ცხვარზე”
  6. მიუხედავად ყველაფრისა, ფაქტია, რომ წიგნი მომეწონა.

ეს წიგნი ყველაფრის ნაზავად მეჩვენა - დასავლეთის მოდერნიზაციისა და აღმოსავლეთის ეგზოტიკის; დეტექტივის, მისტიკისა და მაგიური რეალიზმის; კომედიისა და დრამის ნარევად. გამომდინარე იქიდან, რომ ამ მწერალს თითქმის არ ვიცნობდი ამ რომანამდე (წლების წინ წაკითხული ორი მოთხრობა რა ჩასათვლელია), არავითარი წინასწარ ჩამოყალიბებული მოლოდინი და განწყობა არ მქონდა და ეს მგონი წამადგა კიდეც. იყო ეპიზოდები, რომლებიც თითიდან გამოწოვილად მომეჩვენა. ვერაფრით გამეგო, რა საჭირო იყო ჯადოსნურ ყურებზე ამდენი საუბარი, ან თითოეული აზრის სექსუალურ შეგრძნებებთან დაკავშირება, მაგრამ ბოლოს ისე ჩავერთე სიუჟეტში და ჩემთვის საინტერესო იმდენი დეტალი აღმოვაჩინე, რომ დაწვრილმანებას შევეშვი და მთავარ გმირს მეგზურად ვექეცი.

სახელწოდება არავითარ ალუზიას არ წარმოადგენს. წიგნის ფაბულა, პირდაპირი მნიშვნელობით, ცხვარზე ნადირობის შესახებ მოგვითხრობს. ჩემი ნება რომ იყოს, ”ნადირობას” ”დევნით” ჩავანაცვლებდი. მთავარი გმირი ერთ კონკრეტულ ცხვარს ეძებს და მისტიკურ ხლართებში ებმება. სენსეისგან დავალებას იღებს, თავისი, სიბერისგან ლამის უკვე დაშლილი კატისთვის სახელად ქაშაყის დარქმევის უფლებას გასცემს, ჯადოსნურყურებიან გოგონას ხელს ჰკიდებს და ჰოკაიდოს მიაშურებს. კატისა და სასტუმრო დელფინის გარდა აქ სახელი არავის და არაფერს ჰქვია. ამ თემაზე ერთი ძალიან საინტერესო დისკუსიაცაა რომანში, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ ვერ ახერხებს სახელწოდება სახელდებული ნივთის არსის გადმოცემას და ამის გამო რამდენი რამ შეიძლება შეიცვალოს გარშემო არსებულ წესრიგში. სწორედ ეს საუბარი მეჩვენა საკვანძო მომენტად.

საბოლოო ჯამში, ძალიან საინტერესო რომანია საინტერესო პერსონაჟებით, გროტესკული სახეებითა და მოვლენათა გამაოცებელი განვითარებით. რაც უფრო ღრმად ეფლობით ფაბულის განვითარებაში, მით უფრო გული გწყდებათ წასაკითხი გვერდების შემცირებულ რაოდენობაზე. წიგნის კითხვის დასრულებისას მასზე ფიქრის შეწყვეტა კი ლამის წარმოუდგენლად მეჩვენება.

11 comments:

  1. internetSi vkiTxulobdi am wigns adre, magram ar momewona da Tavi davanebe. ver gavige ragac :/

    ReplyDelete
  2. რა კარგი მიმოხილვაა და რა კარგი თემატიკის ბლოგი! მადლობა ბექას მითითებისთვის. ჩემს რიდერში დღეიდან :*

    რაც შეეხება წიგნს, ჩემი ინტერესი ამ შემთხვევაში იყო ის, რომ იაპონურ ლიტერატურას ვკითხულობ ყველაფერს, და შესაბამისად, ყველაფერი მაინტერესებს ახალი.
    რატომაც იაპნური ლიტერატურა მიყვარს, მურაკამში ეს საერთოდ არ იგრძნობოდა, თითქოს ამერიკელი ან რომელიმე თანამედროვე მწერალი წერდეს. წერის სტილს და ამბავს ვგულისხმობ.
    საბოლოოდ კი ეს:
    ვერასოდეს ვიქნები დარწმუნებული, გავიგე თუ არა ”ნადირობა ცხვარზე”

    მეც ასე ;))

    ReplyDelete
  3. Rode, გმადლობთ, თითოეული კომპლიმენტი მოტივაციას მმატებს რომ ჩემს ლიტერატურისგან შორს მდგომ რუტინაში დრო გამოვნახო ამ ბლოგისთვის. ვეცდები ხშირი განახლებით გავახალისო.

    მურაკამის და იაპონურ ლიტერატურას რაც შეეხება, აკუტაგავასა და კავაბატას შემდეგ რა თქმა უნდა ძალიან დასავლურია, მაგრამ, მაგალითად, პალანიკთან და თუნდაც ფოლკნერთან შედარებით - უკიდურესად აღმოსავლური. სწორე ამან მომხიბლა ყველაზე მეტად. წერის მანერა დიდად არ მომწონს, ის უფრო მიზიდავს - რაზე წერს.

    ReplyDelete
  4. კარგი კრიტიკაა ;)
    მართალი გითხრა, ძალიან ინტერესით დავიწყე კითხვა, მაგრამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა იმ რაღაცნაირი ფინალის გამო :(

    ReplyDelete
  5. ზღვაოსანო, გმადლობთ :))) დაფიქრება დამჭირდა, რომ ფინალი გამეხსენებინა. მე წიგნის პირველ ნაწილში ჩართვა უფრო გამიჭირდა. მერე უფრო მომეწონა.

    ReplyDelete
  6. მომწონს , კარგი თემაა

    ReplyDelete
  7. ვაიმე აი ზუსტად ესე ვარ!! ვკიტხულობ ნადირობა ცხვარზეს და ვგიჯდები ისე მომწონს, მაგრამ აი ბოლომდე ვერ ვიგებ რაგაცნაირიაა..

    ReplyDelete
  8. მე ძალიან მომეწონა ეს წიგნი. ზუსტად ეგა მგონი ჩანაფიქრიც, ბოლომდე რო ვერ იგებ და კითხვებს გიტოვებს. მომეწონა კარგი მიმოხილვა იყო ;)

    ReplyDelete
  9. ძააან მომეწონა , მაგრამ ალბატ ბოლომდე ვერც მე გავიგე. რო გავიზრდები კიდევ ერთხელ წავიკითხავ. ისე ერთ დღეში კი შემომეკითხა!

    ReplyDelete
  10. ჰაერში დამტოვა გაუგებრად.. ვინმე მჭირდება ვინც ბოლომდე ჩაწვდა რომ განიხილოს ჩემთან ერთად

    ReplyDelete
  11. ამ წამს მოვრჩი კითხვას. ვინაიდან თავიდანვე წავიკითხე წიგნის მოკლე აღწერა, სადაც ეწერა რომ მხოლოდ ფსიქოანალიზის მეშვეობით შეიძლება ჩაწვდე ფინალს, ძალიან დაძაბული ვკითხულობდი, რომ არ გამომპარვოდა რაიმე. მე ვფიქრობ, რომ თანამგზავრი გოგონა თავიდანვე იყო სენსეის წრიდან და ასე ვთქვათ მიამაგრეს მთავარ გმირს მეგზურად, სწორედ იმ მინიშნებებისთვის, რომლებზეც სენსეის მდივანი ესაუბრება ბოლოს მას. ასევე ალბათ როგორც ინფორმატორი... ბოლო აფეთქებაზე ვფიქრობ, რომ ეს ის საათი აფეთქდა წითელი და მწვანე მავთულები რომ შეართებინა ვირთხამ მთავარ გმირს და ამ აფეთქებით დასრულდა სახლში მისული სენსეის მდივნის სიცოცხლეც. ასევე რაღაც კავშირი არის სენსეის და ვირთხის სიკვდილს შორის, ისინი ფაქტიურად ერთდროულად გარდაიცვალნენ... და ბოლოს ალბათ მთელი ამ ისტორიით მთავარი გმირის უღიმღამო სიცოცხლეს გარკვეული ელფერი მიეცა... მან დაიწყო საკუთარი სიცოცხლის დაფასება...

    ReplyDelete