May 19, 2011

ორჰან ფამუქი: მე წითელი მქვია



ორჰან ფამუქი
მე წითელი მქვია (Benim Adım Kırmızı)
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2010
მთარგმნელი: ლია ჩლაიძე
ყდის დიზაინი: თამაზ ვარვარიძე


რეცენზია ძალიან პრეტენზიული სიტყვაა იმ პოსტებისთვის, რომლებიც ამ ბლოგზე მოიპოვება. შესაბამისად, უფლებას ვიტოვებ გავკადნიერდე და ისეთ წიგნებზეც მოვუყვე მკითხველს, რომლებიც ბევრად უფრო პროფესიონალურ დამოკიდებულებას მოითხოვენ თავიანთი მნიშვნელობით, ვიდრე ლიტერატურის მოყვარული ფინანსისტის ნააზრევია. სწორედ ასეთია თურქი ნობელიანტის, ორჰან ფამუქის,  1998 წელს დაწერილი რომანი ”მე წითელი მქვია”. 

წიგნს ძალდაუტანებლად გადავყავართ მე-16 საუკუნის სტამბოლში, ფადიშაჰის ნაყაშხანის (სახელოსნოს) მხატვართა წრეში ჩახედვის საშუალებას გვაძლევს და მომხდარი მკვლელობის გამოძიებასა და რამდენიმე პერონაჟის პირად ცხოვრებაშიც აქტიურად გვრთავს. სტრუქტურულად სხვადასხვა მოქმედი პირის მიერ მოთხრობილი ისტორიებისაგან შედგება. წითელი ფერიც ერთ-ერთი ასეთი მთხრობელია. მე ვიტყოდი, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მთხრობელი (სატანასთან ერთად), მიუხედავად იმისა, რომ მისი მონოლოგი მხოლოდ ერთხელ გვხვდება მთელ რომანში.  

ფამუქის შემოქმედებას რამდენიმე წლის წინ ”თეთრი ციხესიმაგრით” გავეცანი და მახსოვს როგორ მიმიზიდა თემატიკამ -აღმოსავლეთისა და დასავლეთის შედარებამ. ”მე მქვია წითელიც” წინ სწევს ამ საკითხს.  თურქი ოსტატები საუბრობენ აღმოსავლელ და დასავლელ მხატვრებს შორის არსებულ სხვაობაზე. კარგად ჩანს ევროპული ცხოვრების წესისა და ისლამის ფილოსოფიის დაპირისპირება (განგებ არ ვიყენებ ტერმინ ”ქრისტიანობას”. მომეჩვენა, რომ რომანში ამაზე არ იყო ყურადღება გამახვილებული). ერთი ეპიზოდი მენიშნა: მამაკაცთა ჯგუფი სახლის კარის შემტვრევას აპირებს, შიგნით მყოფთ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ გადაუწყვეტიათ, როგორ მოიქცნენ. კარის შემსხვრევის შემთხვევაში კონფლიქტი გარდაუვალია; გარკვეული პირების მიერ მისი გაღების შემთხვევაში - პატივი აიყრება; გამოსავალი ერთია - ჩარაზული კარი პატარა ორჰანმა უნდა გააღოს და მხარეები ერთმანეთს მშვიდობიანად დააკავშიროს. ჩემთვის ფამუქი სწორედ მსგავსი ჩარაზული კარის გაღებას ცდილობს თავისი ლიტერატურით. 

წიგნი საოცრად დიდ ინფორმაციას იტევს თურქული მინიატურების თავისებურებების, ისტორიის, სიმბოლიკისა და მნიშვნელობების შესახებ. თუკი გავითვალისწინებთ ფამუქის ოცნებას, ყოფილიყო მხატვარი, გასაგები ხდება, რატომ აირჩია ავტორმა ასეთი ფაბულა.

ამ წიგნში შეხვდებით შეყვარებულ ყარას, რომელსაც სიყვარული მშობლიური ქალაქიდან თორმეტწლიან გაძევებად დაუჯდა; ენიშთე ეფენდის, რომელიც ოსტატ ოსმანს უპირისპირდება და ევროპულ ყაიდაზე გადასვლა სურს; გვამს, მკვლელს, ზეითინს, ლეილექს, ქელებექს, ესთერს, შექურეს, სატანას, ძაღლს, დერვიშებს, ნახატებს, წითელ ფერს. ისინი ყველანი ლაპარაკობენ, ისტორიებს გვიყვებიან და ბოლო გვერდებზე მკითხველი ხვდება, ცხრა დღე თურმე შუა საუკუნეების სტამბოლში გაუტარებია. საინტერესოდაა წარმოჩენილი სხვადასხვა ტიპის ურთიერთობები - მამა-შვილური, ცოლ-ქმრული, ნათესავური, იერარქიული თუ სოციალური. 

პოსტის ბოლოს არ შემიძლია ერთი ციტატა მაინც არ მოვიყვანო წიგნიდან. ისე, პირადად მე ყველა მეტად წითელი ფერისა და სატანას მონოლოგები მომეწონა; ძალიან საინტერესოდ მეჩვენა.

-მიდი და დაბადებით უსინათლოს აუხსენი წითელი ფერის შეგრძნება.

-თითებით თუ შევეხებოდით, იქნებოდა რკინის ან სპილენძის შეგრძნება; მუჭში თუ მოვიქცევდით, დაგვწვავდა; გემოს გავუსინჯავდით და დამარილებული ხორცივით იქნებოდა; პირში ჩავიდებდით და - პირს გაგვივსებდა; ვუყნოსავდით და ცხენის სუნი ექნებოდა; თუ ისე ვუყნოსავდით როგორც ყვავილს, გვირილის სუნი ექნებოდა და არა წითელი ვარდისა.