November 12, 2011

ხალედ ჰოსეინი: The Kite Runner

For you, a thousand times over

ბლოგის მთავარ გვერდზე რაღაც ღილაკებს მივაჭირე ექსპერიმენტის ჩასატარებლად და არასასურველი დიზაინი შემრჩა ხელში. ძველი გარეგნობის აღდგენა რამდენად მარტივი ან პირიქით, შრომატევადია ჯერ არ გამომიკვლევია და ეჭვი მაქვს, საკმაო ხანი ასეთად დარჩება აქაურობა.

დაახლოებით ერთი წლის წინ ჰოსეინის "The Kite Runner" წასაკითხი წიგნების სიაში შევიტანე და ეს ერთ-ერთი იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როდესაც დაგეგმილი სინამდვილედ ვაქციე. ნამდვილად კარგი წიგნია: ემოციური, ინფორმატიული, კარგად ჩამოყალიბებული პერსონაჟებითა და დრამატული ხაზით მაგრამ (ყოველთვის არსებობს ”მაგრამ”) - არუნდატი როისაგან განსხვავებით ამ ეროვნებით ავღანელმა მწერალმა ვერ დამავიწყა, რომ სადებიუტო რომანს ვკითხულობდი. რამდენჯერმე (და 400 გვერდის მიუხედავად ”რამდენჯერმე” უკვე ბევრია) ძალაუნებურად გავიფიქრე ”არა უშავს, პირველი წიგნია”. მიჭირს ზუსტად გადმოვცე რა მიბიძგებდა ამისკენ, მაგრამ იყო რამდენიმე ბავშვურად გულუბრყვილო ეპიზოდი, რომელთა კვანძის გახსნაც ნაძალადევად მომეჩვენა. თითქოს მწერალი ჩიხში მოექცა და რაღაც დაშვებები გააკეთა რომ მონათხრობის მთავარ ხაზს დაბრუნებოდა. თუმცა ის აღიარება, რაც გამოსვლისთანავე ამ წიგნს და მის ავტორს ხვდათ წილად, გადამეტებულად მაინც არ მეჩვენება. 

გარდა იმისა, რომ რომანიდან ბევრს ვიგებთ ავღანეთის ცხოვრების შესახებ სამ სხვადასხვა პერიოდში - მშვიდობიან, კომუნისტურ და თალიბების ხანაში, მთავარი პერსონაჟის პიროვნებაში წიაღსვლაც ხელგვეწიფება. 

ამირის პერსონაჟი საკუთარ თავზე გამოცდის უზრუნველ ბავშვობას, მიგრაციას,  თავდადებასა და ერთგულებას, საკუთარ თავთან დაშორიშორებასა და კისერზე ჩამოკიდებული დოლაბივით დამამძიმებელ სირცხვილისა თუ სინანულის განცდას. ნაწარმოებში ადამიანად ჩამოყალიბების რთული გზაა აღწერილი და სხვათა და რაც მთავარია, საკუთარი თავის მიტევების კარგ გაკვეთილს იძლევა.

კარგადაა გადმოცემული ამირისა და მისი მსახურისა და ბავშვობის მეგობრის, ჰასანის ურთიერთობა; მათ შორის არსებული სხვაობა - როგორც სოციალური ისე პიროვნული. იქიდან გამომდინარე, რომ პერსონაჟებს ჯერ კიდევ ბავშვებად ვეცნობით, საშუალება გვეძლევა მკაცრად განსჯის გარეშე მივიღოთ მათი ქმედებები, თუმცა იმასაც ვხვდებით, რომ არსებობს პიროვნული თვისებები, რომლებიც ლამის აკვანშივე მჟღავნდება. თუ ბუნებამ, ღმერთმა, ტემპერამენტმა, ზოდიაქომ - რაც გნებავთ უწოდეთ - იმ გმირული თვისებებით არ დააჯილდოვა ადამიანი, რომელსაც მიელტვის, აუცილებლად მიეცემა შანსი ”ყველაფერი გამოასწოროს”, როგორც ამას ნაწარმოებში რაჰიმ ხანი წინასწარმეტყველებს. ზრდასრულობას მხოლოდ ასაკი არ განსაზღვრავს და საკუთარი გოლგოთა ყველამ თავის ფეხით უნდა ანვლოს (მგონი არარსებული ზმნაა) - ასეთი შეტყობინება მივიღე ბატონი ჰოსეინისგან. 


The Kite Runner ეკრანიზებულია (მარკ ფორსტერის 2007 წლის ფილმი), თუმცა წიგნის წაკითხვის შემდეგ მისი ნახვა ძალიან გამიჭირდა. ვერ ვუყურე. მთავარი ემოციური მუხტი საერთოდ დაკარგული მგონია. ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები აუცილებელ სიმძაფრესაა მოკლებული. გული დამწყდა. 



P.S. წინა პოსტში ისიც მეწერა, "The Virgin Suicides" ვკითხულობ-მეთქი და წავიკითხე კიდეც, თუმცა ვერ გადამიწყვეტია მასზე დავწერო თუ არა. ამ შემთხვევაში მგონი ფილმი მირჩევნია ნაწარმოებს და საკუთარ თავში რომ ჩამოვყალიბდები, მერე შეგაწუხებთ :)


No comments:

Post a Comment