February 2, 2011

სიგრიდ უნსეტი: ვიკინგები



სიგრიდ უნსეტი (Sigrid Undset)
ვიკინგები (Fortællingen om Viga-Ljot og Vigdis)
მთარგმნელი: მზია ბაქრაძე
მხატვარი: ნათია კვარაცხელია
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა


უბრალო დამთხვევაა, მაგრამ აღსანიშნავი - ისევ სკანდინავიელი მწერლის ნაწარმოებს ვუთმობ დროსა და მონდომებას. მგონი, ჩრდილოეთის სიცივე მიზიდავს, რომელიც ასე ოსტატურად იყო უნსეტის წიგნში მხურვალე ვნებებზე გადაკრული.

” ”ვიკინგები” X-XI საუკუნეების ნორვეგიისა და ისლანდიის ცხოვრების ამსახველი ისტორიული რომანია, რომელიც უძველესი ისლანდიური საგების სტილით ტრაგიკული სიყვარულისა და შურისძიების შემზარავ ამბავს მოგვითხრობს” ვკითხულობთ წიგნის ყდის უკანა მხარეს და ამაზე ზუსტი და კონკრეტული აღწერის პოვნა ძნელია. მხოლოდ გავრცობა შეიძლება და ისიც დიდი სიფრთხილით, რომ დაინტერესებულებს ახალი წიგნის წაკითხვის სიამოვნება ფაქტების აღწერით არ გავუფუჭო.

ერთი ცუდი ჩვევა მაქვს: წიგნის წაკითხვასა და მასზე დაწერას შორის ძალიან დიდ პაუზას ვაკეთებ, არადა ვიცი, რა ცუდად მამახსოვრდება დეტალები. ”ვიკინგების” შემთხვევაშიც ასე მოხდა - თვეზე მეტი გავიდა უკვე, პერსონაჟთა და გეოგრაფიულ ადგილმდებარეობათა უმეტესობის სახელები და დასახელებები, დიალოგები აღარ მახსოვს, მაგრამ ამ თხელტანიანი წიგნისგან გამოწვეული შეგრძნებები ისეთი მძაფრი იყო, რომ ჯერ განელება ვერ მოუსწრია.

კითხვისას გამიჭირდა შევჩვეოდი აზრს, რომ მოქმედება არაქრისტიანულ, მისი დოგმებისგან თავისუფალ გარემოში ხდება. ძალიან მკაფიოდ ჩანს წინააღმდეგობა თანამედროვეობის დასავლური ცივილიზაციის აზროვნებასთან. ამის გამო წიგნის დასაწყისში შოკური ეფექტი აქვს ზოგიერთი პერსონაჟის მოქმედებას. მერე გახსენდება, რომ X-XI საუკუნის წარმართულ ნორვეგიასა და ისლანდიაში ხარ, ვიკინგებით გარშემორტყმული და თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დგება, მაგრამ სიმძაფრე არც ერთი წამით არ იკარგება; არადა მოკლე, სხარტი, უბრალო გრამატიკული სტრუქტურის წინადადებებისგან შემდგარი ტექსტია - თითქოს ფოლკლორულ თქმულებასავით გაურანდავი. ენისა და შინაარსის კონტრასტულობამ, თხრობის მანერის სიმარტივემ, მე პირადად, ავტორის ზემოქმედებისგან გამათავისუფლა და ჩემს ნებაზე მიმიშვა შთაბეჭდილების ჩამოყალიბებისას.

თვალს ვადევნებდი როგორ იწრთობოდა ქერა ვიგდისი და ბრძენ, ძლიერ ქალად ყალიბდებოდა; როგორ ცდილობდა ვიგა-ლიოტი ერთი შეცდომის გამოსწორებას და სამაგიეროდ უამრავ სხვას სჩადიოდა; რამხელა ტვირთად აწვათ მხრებზე არსებული მოვალეობები და საზოგადოებაში არსებული ღირებულებები, რომლებიც შეიძლება საკუთრად არც მიაჩნდათ; რაც მთავარია - შიშისათვის არავის სცალია, თითქოს ეს გრძნობა არ არსებობს. წარმოუდგენელი სიმამაცითაა სავსე მთელი ამბავი.მომხიბლა ადამიანური ღირსების შეგრძნებამ იმ პესონაჟებშიც კი, რომელთაც არაერთი განსაცდელის გადატანა და, ზოგ შემთხვევაში, სიცოცხლის დათმობაც დასჭირდათ მის აღსადგენად.

საგა სიძულვილამდე მისული სიყვარულის, შურისძიების, სიამაყის, სურვილებისა და მოვალეობების დაპირისპირების, რეალობასა და არსებულ მოლოდინს შორის გაჩენილი ნაპრალის შესახებ, რომელიც ყინულის თხელი ფენის მიღმა ვითარდება.


1 comment:

  1. ვიგდისი ძლიერ კი არა, სასტიკ და უწყალო ქალად ჩამოყალიბდა...ლიოტს კი სხვა არაფერი ცოდვა არ ჩაუდენია და მთელი სიცოცხლე იმ ერთი ცოდვის გამო ზღავდა, რაც ახალგაზრდობაში ჩაიდინა, როცა ვიგდისზე ძალა იხმარა. და რაც მთავარია, ის (ლიოტი) ხვდებოდა ამას.
    მთლიანობაში, ლიოტმა გაიმარჯვა მაინც...უფრო სწორად, მისმა სიყვარულმა. იმიტომ, რომ არ შეიძლება, სიძულვილმა სძლიოს სიყვარულს. ლიოტს უყვარდა ვიგდისი და ბოლოს ეს უკანასკნელიც მიხვდა ამას..მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ულვარმა მამის მოკვეთილი თავი კალთაში ჩაუდო და ვიგდისმა გაიგო, რომ ეს ჭაღარა თავი უკვე ვეღარ გამოისყიდდა იმ ტანჯვას, რაც ვიგდისმა თავს მიაყენა შურისძიებით აღვსილმა..და ყველაზე ცუდი, რაც მოხდა-ამ სიძულვილის გამო შვილმა ვეღარ შესძლო მასთან ცხოვრება.ფაქტიურად, ვიგდისმა ლიოტის ამოჩემებულ სიძულვილს გადააყოლა მთელი ცხოვრება...

    ReplyDelete