January 15, 2013

გმადლობთ!



სტატისტიკას რომ შევხედე დღეს შუადღისას, თვალები გამინათდა - მნახველების რაოდენობა არათუ შემცირებულა იმ 431 დღის მანძილზე, რაც აქ არაფერი მომხდარა, გაზრდილა კიდეც. გმადლობთ!!! არ ვიცი, ბლოგსპოტის ინფორმაცია რამდენად ზუსტია ან ნახვათა რაოდენობა რა პარამეტრებით ითვლება, მაგრამ გადამეტებულიც რომ იყოს, მაინც სასიამოვნოა. გამიხარდება, თუკი პოსტები ვინმეს გამოადგება. 

ბევრი რამ დავიწყებული მქონდა, ამიტომ დავჯექი და თვითონაც გადავიკითხე საკუთარი ნაწერები. გულწრფელად რომ ვთქვა, იმდენ რამეს გადავაკეთებდი, პირვანდელი ვარიანტიდან ცოტაღა თუ დარჩებოდა. განსაკუთრებით პირველ პოსტებში. მაგალითად, იუნას გარდელის "ერთი კომიკოსის ბავშვობა" ისეთი მშრალია! ზუსტად მახსოვს რისი თქმა მინდოდა და რატომ მეგონა, რომ შევძელი  - არ ვიცი. არ მომწონს და თან არ მინდა წავშალო. კარგი გაკვეთილია. მომდევნო მიმოხილვა - ერლენდ ლუს "ნაივური.სუპერი" - ბევრად უკეთ სულაც არაა დაწერილი, უბრალოდ მომინდომებია და შედარებით განმივრცია. სილვია პლათისა და მითუმეტეს, არუნდატი როის წიგნები ნამდვილად მეტ ძალისხმევას იმსახურებს! მურაკამის "ნადირობა ცხვარზე" სულაც აღარ მომწონს და ა.შ.

მოკლედ რომ ვთქვა, მგონია, რომ დღეს ამ ყველაფერს უკეთ დავწერდი, უფრო საინტერესოდაც და გამართულადაც, თუმცა ჯერჯერობით ალბათ უმჯობესია, სიახლეები შევმატო nutsadom-ს, ვიდრე ძველები ვაწვალო (ეს დასახელებაც შესაცვლელია. უმეტესობას რუსული 'სახლი' ჰგონია 'dom', არადა სულ სხვა ჩანაფიქრი მქონდა :) ) დიდი რეორგანიზაციაა გასაკეთებელი.

ამ დროის განმავლობაში გამოვცვალე ლეპტოპი და ახლა ბევრად უფრო კომფორტულია წერა. კითხვაც. თუმცა ბევრი არაფერი წამიკითხავს. აღსრულდა მშობლებისა და მათი მშობლების მუქარა, გაიზრდები და დრო აღარ გექნებაო. რაღაცებს მაინც ვახერხებ. თანაც ახლა kindle მაქვს, ეს კი, ჩემდა გასაკვირად, ძალიან ზრდის კითხვაში გატარებული საათების რაოდენობას. გასაკვირად იმიტომ, რომ ვერ წარმომედგინა, ამდენად კომფორტული თუ იქნებოდა ეს ელექტრონული მოწყობილობა. მის სიკეთეებზე ცალკე მოვყვები, ისე კი: რა კარგია, როცა ძვირფასმა ადამიანმა შენზე უკეთ იცის, რა გაგიხარდება ახალი წლის ღამეს. კიდევ ერთი გულწრფელი მადლობა :*