May 29, 2011

სილვია პლათი: ზარხუფი

სილვია პლათი
ზარხუფი (The Bell Jar)
მთარგმნელი: ლელა სამნიაშვილი
გამომცემელი: ფონდი ტასო 2009

პირველი შემთხვევაა, როცა წიგნზე ისე ვწერ, რომ ქართული თარგმანი არ წამიკითხავს, მაგრამ არა მგონია პოსტს ამით ბევრი დააკლდეს. ინგლისურად კარგი იყო და საფუძველი მაქვს ვიფიქრო - ლელა სამნიაშვილის თარგმანს დასაწუნი არაფერი ექნება.

”ზარხუფი” პლათის ერთადერთი პროზაული ნაწარმოებია. 1963 წელს გამოიცა ვიქტორია ლუკასის ფსევდონიმით და ფაქტობრივად პოეტის ავტობიოგრაფიას წარმოადგენს; გვიამბობს 20 წლის ესთერ გრინვუდის სულიერი სამყაროსა და თავზე ჩამომხობილი შუშის ზარხუფის შესახებ, რომელიც  სულს უხუთავს და გარშემო არსებულ სამყაროსთან საუბარსა და ურთიერთობაში ხელს უშლის. თუმცა ეს არამც და არამც არ არის თინეიჯერული ფსევდო-პრობლემებით ხელოვნურად შექმნილი დეპრესიის ისტორია. ესთერის ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა - სტიპენდიის წყალობით სტაჟირებას გადის ნიუ-იორკ სითიში, პრესტიჟულ ჟურნალში, სადაც საინტერესო სამუშაოს გარდა ცნობილ ადამიანებთან კონტაქტით, მდიდრული ვახშმებითა და საჩუქრად მიღებული ძვირფასი ტანსაცმლით შეუძლია დატკბეს, მაგრამ გარკვეულ ეპიზოდში მატერიალური ნივთები ფასს კარგავენ და სასტუმროს სახურავიდან მოპირკეთებული გამზირის ზედაპირისკენ მიექანებიან. მთავარ პერსონაჟს არც მეგობრებთან ურთიერთობისა და რანდევუების ნაკლებობა აქვს; თვითონაც ვერ ხვდება რა ემართება, მაგრამ სახლში დაბრუნებისა და იქ ერთი კვირის უძილობასა და უცვლელად ერთ ქვედაბოლოში გატარების შემდეგ აცნობიერებს, რომ სასიცოცხლო ძალები ეცლება. ვერც კითხულობს, ვერც წერს და თვითმკვლელობის რამდენიმე მცდელობისასაც არაფერი გამოსდის. საბოლოოდ ექიმებს მიმართავს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის კურსსაც გადის.

ეპოქის გათვალისწინებით ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ესთერის აზრი და დამოკიდებულება საზოგადოებაში ქალის როლის, სექსისა და სოციალური ნორმების მიმართ. ერთ-ერთ ეპიზოდში, ჯერ კიდევ ქალწული, მიზანმიმართულად მიდის ექიმთან და თავს კონტრაცეფციით იზღვევს, რადგან თვლის, რომ ეს გარკვეულწილად თავისუფლების მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯია - ამის შემდეგ შეუძლია, როგორ უნდა ისე მოიქცეს. არ ვიცი ამ პოსტის მკითხველს რამდენად აინტერესებს ეს თემატიკა და (განსაკუთრებით მამრობითი სქესის წარმომადგენელი) რამდენად კარგად მიხვდება რამხელა კავშირია ამ ქმედებასა და თავისუფლების მოპოვებას შორის, მაგრამ პლათს თუ გაჰყვება პირველიდან ბოლო გვერდამდე, დარწმუნებული ვარ მიხვდება, რომ ეს უაზრო ფემინისტური ახირება კი არა, ელემენტარული ადამიანური უფლება და მისი დაცვის მცდელობაა. 

არ ვუღალატებ ჩვევას და ნაწარმოების ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს არ გავახმაურებ, თუმცა ის ფაქტი რომ მთელი ისტორია პირველ პირშია მოთხრობილი ცხადჰყოფს, რომ საბოლოოდ ესთერ გრინვუდი სუიციდზე ხელს იღებს. 

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემზე იმდენად იმოქმედა წიგნმა და იმდენი პარალალელის გავლების შესაძლებლობა მომცა, რომ შედეგად რამდენიმე კვირით სახლშიც გამომკეტა. ამის გამო მიჭირს მის შესახებ უფრო დაწვრილებით საუბარი და ჩემი სუბიექტური აზრის გამოხატვა.

წიგნის დაწერიდან სულ მცირე ხანში სილვია პლათმა თავი მოიკლა.

May 19, 2011

ორჰან ფამუქი: მე წითელი მქვია



ორჰან ფამუქი
მე წითელი მქვია (Benim Adım Kırmızı)
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2010
მთარგმნელი: ლია ჩლაიძე
ყდის დიზაინი: თამაზ ვარვარიძე


რეცენზია ძალიან პრეტენზიული სიტყვაა იმ პოსტებისთვის, რომლებიც ამ ბლოგზე მოიპოვება. შესაბამისად, უფლებას ვიტოვებ გავკადნიერდე და ისეთ წიგნებზეც მოვუყვე მკითხველს, რომლებიც ბევრად უფრო პროფესიონალურ დამოკიდებულებას მოითხოვენ თავიანთი მნიშვნელობით, ვიდრე ლიტერატურის მოყვარული ფინანსისტის ნააზრევია. სწორედ ასეთია თურქი ნობელიანტის, ორჰან ფამუქის,  1998 წელს დაწერილი რომანი ”მე წითელი მქვია”. 

წიგნს ძალდაუტანებლად გადავყავართ მე-16 საუკუნის სტამბოლში, ფადიშაჰის ნაყაშხანის (სახელოსნოს) მხატვართა წრეში ჩახედვის საშუალებას გვაძლევს და მომხდარი მკვლელობის გამოძიებასა და რამდენიმე პერონაჟის პირად ცხოვრებაშიც აქტიურად გვრთავს. სტრუქტურულად სხვადასხვა მოქმედი პირის მიერ მოთხრობილი ისტორიებისაგან შედგება. წითელი ფერიც ერთ-ერთი ასეთი მთხრობელია. მე ვიტყოდი, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მთხრობელი (სატანასთან ერთად), მიუხედავად იმისა, რომ მისი მონოლოგი მხოლოდ ერთხელ გვხვდება მთელ რომანში.  

ფამუქის შემოქმედებას რამდენიმე წლის წინ ”თეთრი ციხესიმაგრით” გავეცანი და მახსოვს როგორ მიმიზიდა თემატიკამ -აღმოსავლეთისა და დასავლეთის შედარებამ. ”მე მქვია წითელიც” წინ სწევს ამ საკითხს.  თურქი ოსტატები საუბრობენ აღმოსავლელ და დასავლელ მხატვრებს შორის არსებულ სხვაობაზე. კარგად ჩანს ევროპული ცხოვრების წესისა და ისლამის ფილოსოფიის დაპირისპირება (განგებ არ ვიყენებ ტერმინ ”ქრისტიანობას”. მომეჩვენა, რომ რომანში ამაზე არ იყო ყურადღება გამახვილებული). ერთი ეპიზოდი მენიშნა: მამაკაცთა ჯგუფი სახლის კარის შემტვრევას აპირებს, შიგნით მყოფთ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ გადაუწყვეტიათ, როგორ მოიქცნენ. კარის შემსხვრევის შემთხვევაში კონფლიქტი გარდაუვალია; გარკვეული პირების მიერ მისი გაღების შემთხვევაში - პატივი აიყრება; გამოსავალი ერთია - ჩარაზული კარი პატარა ორჰანმა უნდა გააღოს და მხარეები ერთმანეთს მშვიდობიანად დააკავშიროს. ჩემთვის ფამუქი სწორედ მსგავსი ჩარაზული კარის გაღებას ცდილობს თავისი ლიტერატურით. 

წიგნი საოცრად დიდ ინფორმაციას იტევს თურქული მინიატურების თავისებურებების, ისტორიის, სიმბოლიკისა და მნიშვნელობების შესახებ. თუკი გავითვალისწინებთ ფამუქის ოცნებას, ყოფილიყო მხატვარი, გასაგები ხდება, რატომ აირჩია ავტორმა ასეთი ფაბულა.

ამ წიგნში შეხვდებით შეყვარებულ ყარას, რომელსაც სიყვარული მშობლიური ქალაქიდან თორმეტწლიან გაძევებად დაუჯდა; ენიშთე ეფენდის, რომელიც ოსტატ ოსმანს უპირისპირდება და ევროპულ ყაიდაზე გადასვლა სურს; გვამს, მკვლელს, ზეითინს, ლეილექს, ქელებექს, ესთერს, შექურეს, სატანას, ძაღლს, დერვიშებს, ნახატებს, წითელ ფერს. ისინი ყველანი ლაპარაკობენ, ისტორიებს გვიყვებიან და ბოლო გვერდებზე მკითხველი ხვდება, ცხრა დღე თურმე შუა საუკუნეების სტამბოლში გაუტარებია. საინტერესოდაა წარმოჩენილი სხვადასხვა ტიპის ურთიერთობები - მამა-შვილური, ცოლ-ქმრული, ნათესავური, იერარქიული თუ სოციალური. 

პოსტის ბოლოს არ შემიძლია ერთი ციტატა მაინც არ მოვიყვანო წიგნიდან. ისე, პირადად მე ყველა მეტად წითელი ფერისა და სატანას მონოლოგები მომეწონა; ძალიან საინტერესოდ მეჩვენა.

-მიდი და დაბადებით უსინათლოს აუხსენი წითელი ფერის შეგრძნება.

-თითებით თუ შევეხებოდით, იქნებოდა რკინის ან სპილენძის შეგრძნება; მუჭში თუ მოვიქცევდით, დაგვწვავდა; გემოს გავუსინჯავდით და დამარილებული ხორცივით იქნებოდა; პირში ჩავიდებდით და - პირს გაგვივსებდა; ვუყნოსავდით და ცხენის სუნი ექნებოდა; თუ ისე ვუყნოსავდით როგორც ყვავილს, გვირილის სუნი ექნებოდა და არა წითელი ვარდისა.