January 15, 2013

გმადლობთ!



სტატისტიკას რომ შევხედე დღეს შუადღისას, თვალები გამინათდა - მნახველების რაოდენობა არათუ შემცირებულა იმ 431 დღის მანძილზე, რაც აქ არაფერი მომხდარა, გაზრდილა კიდეც. გმადლობთ!!! არ ვიცი, ბლოგსპოტის ინფორმაცია რამდენად ზუსტია ან ნახვათა რაოდენობა რა პარამეტრებით ითვლება, მაგრამ გადამეტებულიც რომ იყოს, მაინც სასიამოვნოა. გამიხარდება, თუკი პოსტები ვინმეს გამოადგება. 

ბევრი რამ დავიწყებული მქონდა, ამიტომ დავჯექი და თვითონაც გადავიკითხე საკუთარი ნაწერები. გულწრფელად რომ ვთქვა, იმდენ რამეს გადავაკეთებდი, პირვანდელი ვარიანტიდან ცოტაღა თუ დარჩებოდა. განსაკუთრებით პირველ პოსტებში. მაგალითად, იუნას გარდელის "ერთი კომიკოსის ბავშვობა" ისეთი მშრალია! ზუსტად მახსოვს რისი თქმა მინდოდა და რატომ მეგონა, რომ შევძელი  - არ ვიცი. არ მომწონს და თან არ მინდა წავშალო. კარგი გაკვეთილია. მომდევნო მიმოხილვა - ერლენდ ლუს "ნაივური.სუპერი" - ბევრად უკეთ სულაც არაა დაწერილი, უბრალოდ მომინდომებია და შედარებით განმივრცია. სილვია პლათისა და მითუმეტეს, არუნდატი როის წიგნები ნამდვილად მეტ ძალისხმევას იმსახურებს! მურაკამის "ნადირობა ცხვარზე" სულაც აღარ მომწონს და ა.შ.

მოკლედ რომ ვთქვა, მგონია, რომ დღეს ამ ყველაფერს უკეთ დავწერდი, უფრო საინტერესოდაც და გამართულადაც, თუმცა ჯერჯერობით ალბათ უმჯობესია, სიახლეები შევმატო nutsadom-ს, ვიდრე ძველები ვაწვალო (ეს დასახელებაც შესაცვლელია. უმეტესობას რუსული 'სახლი' ჰგონია 'dom', არადა სულ სხვა ჩანაფიქრი მქონდა :) ) დიდი რეორგანიზაციაა გასაკეთებელი.

ამ დროის განმავლობაში გამოვცვალე ლეპტოპი და ახლა ბევრად უფრო კომფორტულია წერა. კითხვაც. თუმცა ბევრი არაფერი წამიკითხავს. აღსრულდა მშობლებისა და მათი მშობლების მუქარა, გაიზრდები და დრო აღარ გექნებაო. რაღაცებს მაინც ვახერხებ. თანაც ახლა kindle მაქვს, ეს კი, ჩემდა გასაკვირად, ძალიან ზრდის კითხვაში გატარებული საათების რაოდენობას. გასაკვირად იმიტომ, რომ ვერ წარმომედგინა, ამდენად კომფორტული თუ იქნებოდა ეს ელექტრონული მოწყობილობა. მის სიკეთეებზე ცალკე მოვყვები, ისე კი: რა კარგია, როცა ძვირფასმა ადამიანმა შენზე უკეთ იცის, რა გაგიხარდება ახალი წლის ღამეს. კიდევ ერთი გულწრფელი მადლობა :*




November 12, 2011

ხალედ ჰოსეინი: The Kite Runner

For you, a thousand times over

ბლოგის მთავარ გვერდზე რაღაც ღილაკებს მივაჭირე ექსპერიმენტის ჩასატარებლად და არასასურველი დიზაინი შემრჩა ხელში. ძველი გარეგნობის აღდგენა რამდენად მარტივი ან პირიქით, შრომატევადია ჯერ არ გამომიკვლევია და ეჭვი მაქვს, საკმაო ხანი ასეთად დარჩება აქაურობა.

დაახლოებით ერთი წლის წინ ჰოსეინის "The Kite Runner" წასაკითხი წიგნების სიაში შევიტანე და ეს ერთ-ერთი იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როდესაც დაგეგმილი სინამდვილედ ვაქციე. ნამდვილად კარგი წიგნია: ემოციური, ინფორმატიული, კარგად ჩამოყალიბებული პერსონაჟებითა და დრამატული ხაზით მაგრამ (ყოველთვის არსებობს ”მაგრამ”) - არუნდატი როისაგან განსხვავებით ამ ეროვნებით ავღანელმა მწერალმა ვერ დამავიწყა, რომ სადებიუტო რომანს ვკითხულობდი. რამდენჯერმე (და 400 გვერდის მიუხედავად ”რამდენჯერმე” უკვე ბევრია) ძალაუნებურად გავიფიქრე ”არა უშავს, პირველი წიგნია”. მიჭირს ზუსტად გადმოვცე რა მიბიძგებდა ამისკენ, მაგრამ იყო რამდენიმე ბავშვურად გულუბრყვილო ეპიზოდი, რომელთა კვანძის გახსნაც ნაძალადევად მომეჩვენა. თითქოს მწერალი ჩიხში მოექცა და რაღაც დაშვებები გააკეთა რომ მონათხრობის მთავარ ხაზს დაბრუნებოდა. თუმცა ის აღიარება, რაც გამოსვლისთანავე ამ წიგნს და მის ავტორს ხვდათ წილად, გადამეტებულად მაინც არ მეჩვენება. 

გარდა იმისა, რომ რომანიდან ბევრს ვიგებთ ავღანეთის ცხოვრების შესახებ სამ სხვადასხვა პერიოდში - მშვიდობიან, კომუნისტურ და თალიბების ხანაში, მთავარი პერსონაჟის პიროვნებაში წიაღსვლაც ხელგვეწიფება. 

ამირის პერსონაჟი საკუთარ თავზე გამოცდის უზრუნველ ბავშვობას, მიგრაციას,  თავდადებასა და ერთგულებას, საკუთარ თავთან დაშორიშორებასა და კისერზე ჩამოკიდებული დოლაბივით დამამძიმებელ სირცხვილისა თუ სინანულის განცდას. ნაწარმოებში ადამიანად ჩამოყალიბების რთული გზაა აღწერილი და სხვათა და რაც მთავარია, საკუთარი თავის მიტევების კარგ გაკვეთილს იძლევა.

კარგადაა გადმოცემული ამირისა და მისი მსახურისა და ბავშვობის მეგობრის, ჰასანის ურთიერთობა; მათ შორის არსებული სხვაობა - როგორც სოციალური ისე პიროვნული. იქიდან გამომდინარე, რომ პერსონაჟებს ჯერ კიდევ ბავშვებად ვეცნობით, საშუალება გვეძლევა მკაცრად განსჯის გარეშე მივიღოთ მათი ქმედებები, თუმცა იმასაც ვხვდებით, რომ არსებობს პიროვნული თვისებები, რომლებიც ლამის აკვანშივე მჟღავნდება. თუ ბუნებამ, ღმერთმა, ტემპერამენტმა, ზოდიაქომ - რაც გნებავთ უწოდეთ - იმ გმირული თვისებებით არ დააჯილდოვა ადამიანი, რომელსაც მიელტვის, აუცილებლად მიეცემა შანსი ”ყველაფერი გამოასწოროს”, როგორც ამას ნაწარმოებში რაჰიმ ხანი წინასწარმეტყველებს. ზრდასრულობას მხოლოდ ასაკი არ განსაზღვრავს და საკუთარი გოლგოთა ყველამ თავის ფეხით უნდა ანვლოს (მგონი არარსებული ზმნაა) - ასეთი შეტყობინება მივიღე ბატონი ჰოსეინისგან. 


The Kite Runner ეკრანიზებულია (მარკ ფორსტერის 2007 წლის ფილმი), თუმცა წიგნის წაკითხვის შემდეგ მისი ნახვა ძალიან გამიჭირდა. ვერ ვუყურე. მთავარი ემოციური მუხტი საერთოდ დაკარგული მგონია. ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები აუცილებელ სიმძაფრესაა მოკლებული. გული დამწყდა. 



P.S. წინა პოსტში ისიც მეწერა, "The Virgin Suicides" ვკითხულობ-მეთქი და წავიკითხე კიდეც, თუმცა ვერ გადამიწყვეტია მასზე დავწერო თუ არა. ამ შემთხვევაში მგონი ფილმი მირჩევნია ნაწარმოებს და საკუთარ თავში რომ ჩამოვყალიბდები, მერე შეგაწუხებთ :)


September 19, 2011

არუნდატი როი: The God of Small Things

თითები მექავება, ისე მინდა ბლოგის გამოცოცხლება, მაგრამ ამ მდუმარე 3 თვის განმავლობაში დიდად არ მომიკლავს თავი ლიტერატურის გაცნობით, შვებულება ავიღე :) მეორეს მხრივ, თუ მაჩვენებლად ხარისხს ავიღებთ და არა რაოდენობას - არც ისე მიზარმაცია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ქართულად არ უთარგმნიათ და მგონი ჯერ არც აპირებენ, არუნდატი როის ”The God of Small Things" მაინც მოხვდა ჩემი ბლოგის არა-”უპოსტოდ დარჩენილი წიგნების” განყოფილებაში. საერთოდ, ჩემი დაკვირვებით, ბუკერის პრემიის ლაურეატი წიგნები ყოველთვის სასიამოვნო სიურპრიზია. სწორი გადაწყვეტილება იყო მათი წასაკითხი წიგნების გროვაზე მიმატება. ამჯერად მარგარეტ ეტვუდის ”The Blind Assassin" დგას რიგში და კანადელი ქალბატონის ” Oryx and Crake"-ის მერე კარგზე კარგ რამეს ველოდები. მიუხედავად მოლოდინის პოზიტიურობისა, მაინც ფეხს ვითრევ და სიზარმაცე მძლევს, როცა ამ საკმაოდ სქელტანიან წიგნს შევყურებ თაროზე. თუ დაკვირვებიხართ, წიგნების კითხვას ერთი თავისებურება ახასიათებს - ტემპს აკრეფ, შეუჩერებლად წაიკითხავ რამდენიმე კარგ (ან არც თუ ისე კარგ) წიგნს და მერე პაუზა გესაჭიროება. თუმცა, მგონი ვცოცხლდები ნელ-ნელა. ”The Virgin Suicides" რომ მოვრჩები ამ დღეებში უფრო ზუსტად მეცოდინება, ტემპი აღვიდგინე თუ არა. 

ისევ როის რომანს მივუბრუნდები. 

”The God of Small Things" ძალინ ოსტატურად დაწერილი სადებიუტო რომანია. სტრუქტურულადაც და ლექსიკურადაც. ამ ინდოელმა მწერალმა შეძლო ინდოეთზე, მის სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებზე ეწერა და მაინც ეროვნებისაგან დამოუკიდებელი, უნივერსალური საკითხები მოეცვა; ესაუბრა ხელოვნურად შექმნილ ”სიყვარულის კანონებზე”, რომლებიც გვიწესებენ ვინ უნდა გვიყვარდეს, რამდენად და როგორ; ეჩვენებინა, რომ წარმომავლობის მიუხედავად, ადამიანებს ერთნაირად უყვართ და სტკივათ; ერთნაირად ესობათ გულში  ღამის პეპელას ცივი ფეხები (ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მეტაფორა რომანიდან) და შეცდომებსაც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ერთნაირად უშვებენ. 

არსებობენ ”დიდი საკითხის ღმერთები”, რომლებიც მნიშვნელოვან საკითხებს განაგებენ - მასშტაბურს, კაცობრიობისათვის საჭირო, მისაღებ და შესამჩნევ საკითხებს; მაგრამ არსებობენ ”პატარა საკითხების ღმერთები”, ისეთი საკითხებისა, გლობალურ ჭრილში რომ ბავშვურ სისულელედ აღიქმება, არადა პიროვნების საშენი ძირითადი მასალაა. უკმეხად ნათქვამი სიტყვა, ფარული მზერა, ელვის პრესლის ვარცხნილობა, პლასტმასის ფერადი სათვალე და გამოგონილი სახელები როლში უკეთ შესაჭრელად - ასეთებსაც საკუთარი ღმერთი ჰყავთ, რომელიც შეიძლება ისე შეგიყვარდეს, რომ ძალაუნებორად შეიწირო. მგონი ამაზეა წიგნი დაწერილი და თუ სხვა პერსპექტივას შემომთავაზებთ, მადლობის მეტი რა მეთქმის.


July 26, 2011

ტექნიკური ხარვეზი

ბლოგზე ტექნიკური ხარვეზის გამო არ ჩანს სურათები და უახლოეს დღეებში აუცილებლად გამოვასწორებ :))))) ვისთვისაც წიგნში არსებულ სურათებს მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება ვერც კი შეამჩნია :)


თითქმის ყველაფერი გასწორდა. მთავარია უპოსტობასაც ეშველოს. (18.09.2011)

June 23, 2011

მარიო ვარგას ლიოსა: დეიდა ხულია

მარიო ვარგას ლიოსა
დეიდა ხულია (La tía Julia y el escribidor)
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
მთარგმნელი ამირან გაბესკირია

ვაღიარებ, პოსტს უფრო იმიტომ ვწერ რომ ბლოგი ძალიან არ გაპასიურდეს (ისედაც ვერ ვანებივრებ განახლებებით), ვიდრე იმიტომ რომ რომანის შესახებ რაიმე გამოკვეთილი აზრი მაქვს. 
არასწორად ნუ გამიგებთ - ლიოსას წიგნი ძალიან მომეწონა და დიდი სიამოვნებითაც ჩავიკითხე პირველიდან ბოლო გვერდამდე, უბრალოდ ამ წინადადების ბეჭდვის მომენტშიც მიჭირს ჩამოყალიბება, კონკრეტულად რა შეიძლება ითქვას მის შესახებ. 

პირველ რიგში ალბათ ის, რომ თავისი ნახევრად-ავტობიოგრაფიული შინაარსით საინტერესო ცნობებს გვაწვდის ავტორის ცხოვრების კონკრეტული პერიოდისა და პიროვნების შესახებ. თვრამეტი წლის მარიტოს ცხოვრებაში ასაკით ბევრად უფროსი, ბოლივიელი დეიდა ხულია ჩნდება - ის დასა და მის მეუღლეს (მარიტოს ბიძას) სტუმრობს პერუში. მათ შორის ოჯახისათვის მიუღებელ კავშირს ეყრება საფუძველი. ხულია ქმარგაყრილი, ნათესავი ქალია, მარიტო (იგივე ვარგიტასი) კი სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი, მწერლობაზე მეოცნებე ბიჭი, რომელიც ბებიასთან და ბაბუასთან ცხოვრობს, საკუთარ ჯიბის ფულს კი რადიოში გადასაცემად ყოველდღიურად ცნობების შეგროვებით, დამუშავებითა და რედაქტირებული ვარიანტების მომზადებით შოულობს. იგივე რადიოსადგური აქტიურად გადმოსცემს რადიოდადგმებს, რომელთა სცენარებსაც ბოლოვიიდან სპეციალურად ამ საქმისთვის ჩამოყვანილი მაესტრო - ექსცენტრიული პედრო კამაჩო წერს. რომანი სტრუქტურულად ორ ნაწილად იყოფა, მათი შემადგენელი თავები კი რიგ-რიგობით ენაცვლება ერთმანეთს: მარიოსა და ხულიას ურთიერთობის ისტორიას პედრო კამაჩოს დადგმული  სპექტაკლები ენაცვლება და ძალიან თავშესაქცევ საკითხავად იქცევა. ჩემი დაკვირვებით, ესპანურენოვან ნაწარმოებებს თავისებური იუმორი დაჰყვება, რომელიც თარგმანის მიუხედავად, მაინც იგრძნობა. დარწმუნებული ვარ, რომ აბსურდული ისტორია სცენაზე წამოქცეული ჯვარცმული ქრისტეს შესახებ ინგლისურად ან ფრანგულად აბსოლუტურად სხვანაირად დაიწერებოდა. 

გარდა პირადი სასიყვარულო ისტორიისა, ავტორი საკუთარ მისწრაფებებსა და მწერლად ქცევის სურვილზე გვიყვება; გვიამბობს როგორ იხიბლება პედრო კამაჩოს, ამ აკადემიური თვალსაზრისით უწიგნური ადამიანის წერისათვის თავდადებულობით; როგორ ადარებს მის ვნებებსა და მისწრაფებებს პრუსტ და ფოლკნერ-გადაკითხული ლიტერატორებისას და როგორ ცდილობს, ერთი ნორმალური მოთხრობა მაინც დაწეროს; ოცნებობს პარიზის მანსარდაში ცხოვრებაზე და ხულიაზე დასაქორწინებლად ნახევარ პერუს შემოივლის გასაცოდავებული ტაქსისა და ერთგული მეგობრების წყალობით. 

ამ ყველაფრის პარალელურად რადიოთი ყოველდღიურად გადაცემულ ნოველებსაც ვეცნობით, სადაც ყველაფერი თავდაყირა დგას და რომლის გმირები ბოლოს ისე ირევიან ერთმანეთში, რომ სიტუაციაში გარკვევა შეუძლებელი ხდება. დადგმები ემოციურად თითქოს ეხმაურება ვარგიტასის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს და მკითხველს საჭირო ტალღაზე აყენებს.  

არსებობს ლიოსას პირველი მეუღლის (Julia Urquidi) მიერ დაწერილი მემუარი ”Lo que Varguitas no dijo”, სადაც უკვე ხულია გვიყვება წყვილის შეხვედრისა და შეუღლების ამბავს. საინტერესო იქნებოდა ამბის მეორე მხრიდან შეტყობა. ჩვენ ხომ ასე გვაინტერესებს სხვათა ცხოვრება. მითუმეტეს თუ ეს სხვა მსოფლიო მასშტაბით ცნობილი მწერალი, ერთ დროს პერუს პრეზიდენტობის კანდიდატი და 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია.

May 29, 2011

სილვია პლათი: ზარხუფი

სილვია პლათი
ზარხუფი (The Bell Jar)
მთარგმნელი: ლელა სამნიაშვილი
გამომცემელი: ფონდი ტასო 2009

პირველი შემთხვევაა, როცა წიგნზე ისე ვწერ, რომ ქართული თარგმანი არ წამიკითხავს, მაგრამ არა მგონია პოსტს ამით ბევრი დააკლდეს. ინგლისურად კარგი იყო და საფუძველი მაქვს ვიფიქრო - ლელა სამნიაშვილის თარგმანს დასაწუნი არაფერი ექნება.

”ზარხუფი” პლათის ერთადერთი პროზაული ნაწარმოებია. 1963 წელს გამოიცა ვიქტორია ლუკასის ფსევდონიმით და ფაქტობრივად პოეტის ავტობიოგრაფიას წარმოადგენს; გვიამბობს 20 წლის ესთერ გრინვუდის სულიერი სამყაროსა და თავზე ჩამომხობილი შუშის ზარხუფის შესახებ, რომელიც  სულს უხუთავს და გარშემო არსებულ სამყაროსთან საუბარსა და ურთიერთობაში ხელს უშლის. თუმცა ეს არამც და არამც არ არის თინეიჯერული ფსევდო-პრობლემებით ხელოვნურად შექმნილი დეპრესიის ისტორია. ესთერის ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა - სტიპენდიის წყალობით სტაჟირებას გადის ნიუ-იორკ სითიში, პრესტიჟულ ჟურნალში, სადაც საინტერესო სამუშაოს გარდა ცნობილ ადამიანებთან კონტაქტით, მდიდრული ვახშმებითა და საჩუქრად მიღებული ძვირფასი ტანსაცმლით შეუძლია დატკბეს, მაგრამ გარკვეულ ეპიზოდში მატერიალური ნივთები ფასს კარგავენ და სასტუმროს სახურავიდან მოპირკეთებული გამზირის ზედაპირისკენ მიექანებიან. მთავარ პერსონაჟს არც მეგობრებთან ურთიერთობისა და რანდევუების ნაკლებობა აქვს; თვითონაც ვერ ხვდება რა ემართება, მაგრამ სახლში დაბრუნებისა და იქ ერთი კვირის უძილობასა და უცვლელად ერთ ქვედაბოლოში გატარების შემდეგ აცნობიერებს, რომ სასიცოცხლო ძალები ეცლება. ვერც კითხულობს, ვერც წერს და თვითმკვლელობის რამდენიმე მცდელობისასაც არაფერი გამოსდის. საბოლოოდ ექიმებს მიმართავს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის კურსსაც გადის.

ეპოქის გათვალისწინებით ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ესთერის აზრი და დამოკიდებულება საზოგადოებაში ქალის როლის, სექსისა და სოციალური ნორმების მიმართ. ერთ-ერთ ეპიზოდში, ჯერ კიდევ ქალწული, მიზანმიმართულად მიდის ექიმთან და თავს კონტრაცეფციით იზღვევს, რადგან თვლის, რომ ეს გარკვეულწილად თავისუფლების მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯია - ამის შემდეგ შეუძლია, როგორ უნდა ისე მოიქცეს. არ ვიცი ამ პოსტის მკითხველს რამდენად აინტერესებს ეს თემატიკა და (განსაკუთრებით მამრობითი სქესის წარმომადგენელი) რამდენად კარგად მიხვდება რამხელა კავშირია ამ ქმედებასა და თავისუფლების მოპოვებას შორის, მაგრამ პლათს თუ გაჰყვება პირველიდან ბოლო გვერდამდე, დარწმუნებული ვარ მიხვდება, რომ ეს უაზრო ფემინისტური ახირება კი არა, ელემენტარული ადამიანური უფლება და მისი დაცვის მცდელობაა. 

არ ვუღალატებ ჩვევას და ნაწარმოების ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს არ გავახმაურებ, თუმცა ის ფაქტი რომ მთელი ისტორია პირველ პირშია მოთხრობილი ცხადჰყოფს, რომ საბოლოოდ ესთერ გრინვუდი სუიციდზე ხელს იღებს. 

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემზე იმდენად იმოქმედა წიგნმა და იმდენი პარალალელის გავლების შესაძლებლობა მომცა, რომ შედეგად რამდენიმე კვირით სახლშიც გამომკეტა. ამის გამო მიჭირს მის შესახებ უფრო დაწვრილებით საუბარი და ჩემი სუბიექტური აზრის გამოხატვა.

წიგნის დაწერიდან სულ მცირე ხანში სილვია პლათმა თავი მოიკლა.

May 19, 2011

ორჰან ფამუქი: მე წითელი მქვია



ორჰან ფამუქი
მე წითელი მქვია (Benim Adım Kırmızı)
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2010
მთარგმნელი: ლია ჩლაიძე
ყდის დიზაინი: თამაზ ვარვარიძე


რეცენზია ძალიან პრეტენზიული სიტყვაა იმ პოსტებისთვის, რომლებიც ამ ბლოგზე მოიპოვება. შესაბამისად, უფლებას ვიტოვებ გავკადნიერდე და ისეთ წიგნებზეც მოვუყვე მკითხველს, რომლებიც ბევრად უფრო პროფესიონალურ დამოკიდებულებას მოითხოვენ თავიანთი მნიშვნელობით, ვიდრე ლიტერატურის მოყვარული ფინანსისტის ნააზრევია. სწორედ ასეთია თურქი ნობელიანტის, ორჰან ფამუქის,  1998 წელს დაწერილი რომანი ”მე წითელი მქვია”. 

წიგნს ძალდაუტანებლად გადავყავართ მე-16 საუკუნის სტამბოლში, ფადიშაჰის ნაყაშხანის (სახელოსნოს) მხატვართა წრეში ჩახედვის საშუალებას გვაძლევს და მომხდარი მკვლელობის გამოძიებასა და რამდენიმე პერონაჟის პირად ცხოვრებაშიც აქტიურად გვრთავს. სტრუქტურულად სხვადასხვა მოქმედი პირის მიერ მოთხრობილი ისტორიებისაგან შედგება. წითელი ფერიც ერთ-ერთი ასეთი მთხრობელია. მე ვიტყოდი, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მთხრობელი (სატანასთან ერთად), მიუხედავად იმისა, რომ მისი მონოლოგი მხოლოდ ერთხელ გვხვდება მთელ რომანში.  

ფამუქის შემოქმედებას რამდენიმე წლის წინ ”თეთრი ციხესიმაგრით” გავეცანი და მახსოვს როგორ მიმიზიდა თემატიკამ -აღმოსავლეთისა და დასავლეთის შედარებამ. ”მე მქვია წითელიც” წინ სწევს ამ საკითხს.  თურქი ოსტატები საუბრობენ აღმოსავლელ და დასავლელ მხატვრებს შორის არსებულ სხვაობაზე. კარგად ჩანს ევროპული ცხოვრების წესისა და ისლამის ფილოსოფიის დაპირისპირება (განგებ არ ვიყენებ ტერმინ ”ქრისტიანობას”. მომეჩვენა, რომ რომანში ამაზე არ იყო ყურადღება გამახვილებული). ერთი ეპიზოდი მენიშნა: მამაკაცთა ჯგუფი სახლის კარის შემტვრევას აპირებს, შიგნით მყოფთ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ გადაუწყვეტიათ, როგორ მოიქცნენ. კარის შემსხვრევის შემთხვევაში კონფლიქტი გარდაუვალია; გარკვეული პირების მიერ მისი გაღების შემთხვევაში - პატივი აიყრება; გამოსავალი ერთია - ჩარაზული კარი პატარა ორჰანმა უნდა გააღოს და მხარეები ერთმანეთს მშვიდობიანად დააკავშიროს. ჩემთვის ფამუქი სწორედ მსგავსი ჩარაზული კარის გაღებას ცდილობს თავისი ლიტერატურით. 

წიგნი საოცრად დიდ ინფორმაციას იტევს თურქული მინიატურების თავისებურებების, ისტორიის, სიმბოლიკისა და მნიშვნელობების შესახებ. თუკი გავითვალისწინებთ ფამუქის ოცნებას, ყოფილიყო მხატვარი, გასაგები ხდება, რატომ აირჩია ავტორმა ასეთი ფაბულა.

ამ წიგნში შეხვდებით შეყვარებულ ყარას, რომელსაც სიყვარული მშობლიური ქალაქიდან თორმეტწლიან გაძევებად დაუჯდა; ენიშთე ეფენდის, რომელიც ოსტატ ოსმანს უპირისპირდება და ევროპულ ყაიდაზე გადასვლა სურს; გვამს, მკვლელს, ზეითინს, ლეილექს, ქელებექს, ესთერს, შექურეს, სატანას, ძაღლს, დერვიშებს, ნახატებს, წითელ ფერს. ისინი ყველანი ლაპარაკობენ, ისტორიებს გვიყვებიან და ბოლო გვერდებზე მკითხველი ხვდება, ცხრა დღე თურმე შუა საუკუნეების სტამბოლში გაუტარებია. საინტერესოდაა წარმოჩენილი სხვადასხვა ტიპის ურთიერთობები - მამა-შვილური, ცოლ-ქმრული, ნათესავური, იერარქიული თუ სოციალური. 

პოსტის ბოლოს არ შემიძლია ერთი ციტატა მაინც არ მოვიყვანო წიგნიდან. ისე, პირადად მე ყველა მეტად წითელი ფერისა და სატანას მონოლოგები მომეწონა; ძალიან საინტერესოდ მეჩვენა.

-მიდი და დაბადებით უსინათლოს აუხსენი წითელი ფერის შეგრძნება.

-თითებით თუ შევეხებოდით, იქნებოდა რკინის ან სპილენძის შეგრძნება; მუჭში თუ მოვიქცევდით, დაგვწვავდა; გემოს გავუსინჯავდით და დამარილებული ხორცივით იქნებოდა; პირში ჩავიდებდით და - პირს გაგვივსებდა; ვუყნოსავდით და ცხენის სუნი ექნებოდა; თუ ისე ვუყნოსავდით როგორც ყვავილს, გვირილის სუნი ექნებოდა და არა წითელი ვარდისა.

April 18, 2011

პოლ ოსტერი: ნიუ-იორკული ტრილოგია

პოლ ოსტერი
ნიუ-იორკული ტრილოგია
მთარგმნელი: ქეთი ქანთარია
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2008


ვისაც 1995 წლის ფილმი ”Smoke” უნახავს, ისიც ეცოდინება, რომ სცენარის ავტორი ამერიკელი მწერალი პოლ ოსტერია. თუ ეს ფაქტი გამორჩა, ისტორიები მაინც ემახსოვრება აწონილი კვამლის, შვილზე უმცროსი მამის, ბებია ეთელთან სტუმრობისა და თამბაქოს გასახვევ ქაღალდად გამოყენებული რომანის შესახებ. ემახსოვრება და დამეთანხმება, რომ პოლ ოსტერი კარგი მეამბეა. ”ნიუ-იორკული ტრილოგიისთვის” რა აღარ უწოდებიათ: ” რომანი-ექსპერიმენტი”, ” ანტი-დეტექტივი”, ”მისტერიები მისტერიების შესახებ”, მაგრამ პირველ რიგში ისიც საინტერესოდ დაწერილი ამბების ნაკრებია.

”ნიუ-იორკული ტრილოგია” სამი, სხვადასხვა დროს დაწერილი რომანის კრებულია, რომელიც 1987 წლიდან მოყოლებული ერთ წიგნად გამოიცემა. სამივეს მართლაც დაჰკრავს მისტერიის ელფერი და დეტექტივის ჟანრის ელემენტებსაც შეიცავს, მაგრამ ადვილი მისახვედრია რომ ეს, პირველ რიგში, ადამიანის შინაგანი სამყაროს გამოხატვის მორიგი, ოსტატურად შერჩეული ხერხია.

”შუშის ქალაქის” მთავარი პერსონაჟი დენიელ ქუინია, მოდერნიზებულ ბრუკლინში მცხოვრები დონ კიხოტი, რომელიც წარმოსახვებს ებრძვის და ამით საკუთარ თავს გაურბის. სამაგიეროდ სტილმენის ლანდად იქცევა და მისი დევნის პირველივე დღეს საჩოთირო მდგომარეობაში ვარდება - გრანდ სენტრალზე ორ სტილმენს ხედავს. კაცებს შორის მსგავსება იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ინტუიციით უნდა გაარჩიოს, რომელია მისი სამიზნე და რომელი - არა. ეს არჩევანი მის მთელ ცხოვრებას შეცვლის; იმდენად, რომ ერთ დღეს, მრავალ ჭირ-ნახული ქუინი, რომელსაც უკვე დიდი ხანია პოლი ჰქვია, ვიტრინაში საკუთარ ანარეკლსაც ვეღარ იცნობს. ამავე რომანში ერთი ძალიან საინტერესო დიალოგია სერვანტესის ”დონ კიხოტის” შესახებ, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს წიგნის აღქმის პროცესში, თუმცა სამწუხაროდ ის ისე მჭიდროდაა ნაწარმოების დანარჩენ ნაწილთან დაკავშირებული, რომ კონტექსტის გააზრების გარეშე ვეჭვობ ვინმესთვის საინტერესო იყოს და მისი აქ ციტირებაც უშედეგო იქნება.

”აჩრდილები” - ტრილოგიის მეორე წიგნი - მოცულობით შედარებით მცირე, მაგრამ ძალიან დინამიური რომანია. ”იყო და არა იყო რა, უპირველეს ყოვლისა, იყო ბლუ. მოგვიანებით თხრობაში შემოდის უაითი, მის კვალდაკვალ ბლექი, მაგრამ თავიდან იყო ბრაუნი” - ასე იწყება მისი პირველი აბზაცი და ამავე ტემპით იკითხება ბოლო წერტილამდე. ფილმის კადრებივით ენაცვლება ერთმანეთს აღწერილი ამბები. ქუჩის ორ მხარეს მდგარ შენობებში, ერთმანეთის მოპირდაპირე ორ ფანჯარას მიღმა სარკისებური მოქმედება მიმდინარეობს. ბლუ და ბლექი ერთმანეთის ანარეკლებად იქცევიან, ერთმანეთსა თუ საკუთარ თავში იკეტებიან და გაცრეცილი არსებობით იმავე ქუჩაზე წლების წინათ მოხეტიალე დიკენსის, უიტმენის, ბიჩერისა თუ სხვათა აჩრდილებს არ ჩამოუვარდებიან.

ტრილოგიის მესამე წიგნი ”დაკეტილი ოთახი” მეტად დეტალიზებულია. თანაც პირველ პირშია მოთხრობილი და მკითხველს დეტალებში უფრო ღრმად ჩახედვის საშუალებას აძლევს. აქაც საკუთარი თავის ძიებისა და დამკვიდრების საკითხებია წინ წამოწეული. მთხრობელის ბავშვობის მეგობარი უჩინარდება და მის ადგილს ცხოვრებაში ფაქტობრივად ავტორი იკავებს. "ადამიანის ცხოვრება, საბოლოოდ, საკუთარი თავის გარდა არაფერზე დაიყვანება. რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ცხოვრება უაზრობაა”,- ასკვნის მთხრობელი ერთ ეპიზოდში და ამ უაზრობით გაოგნებული უმიზნოდ, საკუთარ პიროვნებაში გასარკვევად დაიარება. ჩვენ ყველანი ვიღაცას აჩრდილებივით დავდევთ, რათა ან მათ შევუერთდეთ და დავიკარგოთ, ან პირიქით, აქეთ შემოვიერთოთ. სხვანაირად არსებობა, უბრალოდ, წარმოუდგენლად გვეჩვენება.

აი, ასეთი ამბებითაა სავსე ნიუ-იორკული ტრილოგია. არ დაგავიწყდეთ ამ ყველაფერზე გადასმული ცოტაოდენი აბსურდი, საინტერესო ისტორიული ფაქტები, დეტექტივის ჟანრის ელემენტები და სამი მოულოდნელი და ბუნდოვანი ფინალი. დიდი იმედი მაქვს, ამ გემრიელი ლუკმით ჩემსავით ისიამოვნებთ.

March 19, 2011

ჰარუკი მურაკამი: ნადირობა ცხვარზე

ჰარუკი მურაკამი
ნადირობა ცხვარზე
მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

რამდენიმე რამ უნდა ვაღიარო და რაღაცებში გამოვტყდე:
  1. ძალიან ბევრჯერ ჩამივლია გულგრილად მურაკამის წიგნებისთვის მაღაზიებში
  2. ამ კონკრეტული ნაწარმოების კითხვისას 70-ე გვერდზე ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოვედი, რას ვკითხულობდი
  3. სანამ წიგნის შესახებ რამეს დავწერდი, ინტერენტში სხვათა მოსაზრებები მოვიძიე
  4. ვერ გამირკვევია, თარგმანით დავრჩი უკმაყოფილო თუ მურაკამის წერის მანერით
  5. ვერასოდეს ვიქნები დარწმუნებული, გავიგე თუ არა ”ნადირობა ცხვარზე”
  6. მიუხედავად ყველაფრისა, ფაქტია, რომ წიგნი მომეწონა.

ეს წიგნი ყველაფრის ნაზავად მეჩვენა - დასავლეთის მოდერნიზაციისა და აღმოსავლეთის ეგზოტიკის; დეტექტივის, მისტიკისა და მაგიური რეალიზმის; კომედიისა და დრამის ნარევად. გამომდინარე იქიდან, რომ ამ მწერალს თითქმის არ ვიცნობდი ამ რომანამდე (წლების წინ წაკითხული ორი მოთხრობა რა ჩასათვლელია), არავითარი წინასწარ ჩამოყალიბებული მოლოდინი და განწყობა არ მქონდა და ეს მგონი წამადგა კიდეც. იყო ეპიზოდები, რომლებიც თითიდან გამოწოვილად მომეჩვენა. ვერაფრით გამეგო, რა საჭირო იყო ჯადოსნურ ყურებზე ამდენი საუბარი, ან თითოეული აზრის სექსუალურ შეგრძნებებთან დაკავშირება, მაგრამ ბოლოს ისე ჩავერთე სიუჟეტში და ჩემთვის საინტერესო იმდენი დეტალი აღმოვაჩინე, რომ დაწვრილმანებას შევეშვი და მთავარ გმირს მეგზურად ვექეცი.

სახელწოდება არავითარ ალუზიას არ წარმოადგენს. წიგნის ფაბულა, პირდაპირი მნიშვნელობით, ცხვარზე ნადირობის შესახებ მოგვითხრობს. ჩემი ნება რომ იყოს, ”ნადირობას” ”დევნით” ჩავანაცვლებდი. მთავარი გმირი ერთ კონკრეტულ ცხვარს ეძებს და მისტიკურ ხლართებში ებმება. სენსეისგან დავალებას იღებს, თავისი, სიბერისგან ლამის უკვე დაშლილი კატისთვის სახელად ქაშაყის დარქმევის უფლებას გასცემს, ჯადოსნურყურებიან გოგონას ხელს ჰკიდებს და ჰოკაიდოს მიაშურებს. კატისა და სასტუმრო დელფინის გარდა აქ სახელი არავის და არაფერს ჰქვია. ამ თემაზე ერთი ძალიან საინტერესო დისკუსიაცაა რომანში, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ ვერ ახერხებს სახელწოდება სახელდებული ნივთის არსის გადმოცემას და ამის გამო რამდენი რამ შეიძლება შეიცვალოს გარშემო არსებულ წესრიგში. სწორედ ეს საუბარი მეჩვენა საკვანძო მომენტად.

საბოლოო ჯამში, ძალიან საინტერესო რომანია საინტერესო პერსონაჟებით, გროტესკული სახეებითა და მოვლენათა გამაოცებელი განვითარებით. რაც უფრო ღრმად ეფლობით ფაბულის განვითარებაში, მით უფრო გული გწყდებათ წასაკითხი გვერდების შემცირებულ რაოდენობაზე. წიგნის კითხვის დასრულებისას მასზე ფიქრის შეწყვეტა კი ლამის წარმოუდგენლად მეჩვენება.

March 15, 2011

დიბისი პიერი: ვერნონ გენიოს ლითლი



დიბისი პიერი (DBC Pierre)
ვერნონ გენიოს ლითლი (Vernon God Little)
მთარგმნელი: ქეთი ქანთარია
ყდის დიზაინი: მართა თაბუკაშვილი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

”-შენ თვითონა ხარ შენი თავის ღმერთი და უფალი! აიკიდე ზურგზე ეგ პასუხისმგებლობა! შეირგე ძალაუფლება!”

არის წიგნები, რომელთა შესახებ გაგების, მათი წაკითხვის სურვილის გაჩენასა და უშუალოდ წაკითხვას შორის რამდენიმეწლოვანი პერიოდი გადის. ჩემთვის ვერნონ გენიოს ლითლი სწორედ ასეთ ნაწარმოებთა სიას მიეკუთვნება. არ ვიცი, თექვსმეტი წლის ასაკში რომ წამეკითხა, განსხვავებული შთაბეჭდილება დამრჩებოდა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ 2011 წელს შემოაღწია დიბისი პიერმა ჩემს პირად ბიბლიოთეკაში და ახალი პოსტი შეჰმატა ბლოგს.

21-ე საუკუნის კომედია სიკვდილი თანხლებით - ასეთი დამატება აქვს წიგნის სახელწოდებას და როცა მოვლენათა განვითარების აბსურდულობა ტვინს ურევს მკითხველს, ეს ფრაზა ნამდვილად კარგი დამხმარეა ხედვის პირვანდელი კუთხის დაბრუნების მცდელობისას. შავი იუმორითა და უტრირებული სტერეოტიპებით (თუკი ასეთი სიტყვათშეთანხმება შეიძლება არსებობდეს) სავსე ეს რომანი სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებულ ემოციას იწვევს: აღშფოთებისა და გაოგნების, დაცინვის სურვილის, თანაგრძნობის, გაღიზიანებისა და სიბრალულის შეგრძნებები ერთმანეთს ცვლის; ხანდახან ეს ყველაფერი ერთსა და იმავე აბზაცშიც კი ხდება. ზოგიერთ ეპიზოდში კი ისეთ სარკაზმსა და ცინიკურ შედარებებს შეხვდებით, რომ ხმამაღლა გადაიხარხარებთ კიდეც. სლენგი და ფრაზეოლოგია ისე ზუსტადაა გადმოქართულებული, რომ კითხვის მთელი პროცესის განმავლობაში მთარგმნელისადმი მადლიერების გრძნობით ვიყავი აღსავსე.

თხუთმეტი წლის ვერნონ გრეგორი ლითლი თხრობას შერიფის კაბინეტიდან იწყებს, სადაც პოლიციელი ქალი ”ბარნის ბარბექიუს” ნეკნებით პირს იტკბარუნებს, შერიფი სკოლაში სასაკლაოს მოწყობის თანაორგანიზატორობაში ადანაშაულებს, დედა მხოლოდ სატელეფონო ზარით იკმაყოფილებას შვილის ასავალ-დასავალის გაგების სურვილს, ვიღაც ლალო ლადესმა ღამის კოშმარივით დაატყდება თავს უკვე ყელამდე ქაქში ჩაძირულ მოზარდს და ყველაფერში აწ უკვე გარდაცვლილი ხესუსია დამნაშავე (ინგლისურ ენაზე ხესუსსა და იესოს ერთი და იგივე მართლწერა აქვს). გულგრილობის სენით დაავადებული საზოგადოება, სადაც ყველას შეუძლია 15 წუთით ცნობილი გახდეს და ამისთვის სულსაც გაყიდის, მაცივარში გაცვლის და სიკვდილმისჯილთა ბედს სატელეფონო ზარებით გადაწყვეტს. ცხოვრება, როგორც მასშტაბური რეალითი შოუ, სადაც გადარჩენის ერთადერთი გზა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და თავის უფლობაა; სხვაგვარად ქალაქ მარტირიოში განტევების ვაცად იქცევით.

ბევრგან შევხვდი მოსაზრებას ვერნონ ლითლსა და ჰოლდენ კოლფილდს შორის პარალელების გავლების შესახებ, მაგრამ შედარებაც კი მიჭირს, იმდენად სხვადასხვა მგრძნობელობის მქონე პერსონაჟები არიან. თუმცა ვინ იცის, სელინჯერს რომ თავის რომანი 50 წლით გვიან დაეწერა, რა გამოვიდოდა. დიბისი პიერს რა გამოუვიდა და რატომ ჰქვია ნაწარმოებს ”ვერნონ გენიოს ლითლი” ამას ვერავითარი რეცენზია ვერ გადმოგცემთ. თავად წაიკითხეთ.