September 19, 2011

არუნდატი როი: The God of Small Things

თითები მექავება, ისე მინდა ბლოგის გამოცოცხლება, მაგრამ ამ მდუმარე 3 თვის განმავლობაში დიდად არ მომიკლავს თავი ლიტერატურის გაცნობით, შვებულება ავიღე :) მეორეს მხრივ, თუ მაჩვენებლად ხარისხს ავიღებთ და არა რაოდენობას - არც ისე მიზარმაცია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ქართულად არ უთარგმნიათ და მგონი ჯერ არც აპირებენ, არუნდატი როის ”The God of Small Things" მაინც მოხვდა ჩემი ბლოგის არა-”უპოსტოდ დარჩენილი წიგნების” განყოფილებაში. საერთოდ, ჩემი დაკვირვებით, ბუკერის პრემიის ლაურეატი წიგნები ყოველთვის სასიამოვნო სიურპრიზია. სწორი გადაწყვეტილება იყო მათი წასაკითხი წიგნების გროვაზე მიმატება. ამჯერად მარგარეტ ეტვუდის ”The Blind Assassin" დგას რიგში და კანადელი ქალბატონის ” Oryx and Crake"-ის მერე კარგზე კარგ რამეს ველოდები. მიუხედავად მოლოდინის პოზიტიურობისა, მაინც ფეხს ვითრევ და სიზარმაცე მძლევს, როცა ამ საკმაოდ სქელტანიან წიგნს შევყურებ თაროზე. თუ დაკვირვებიხართ, წიგნების კითხვას ერთი თავისებურება ახასიათებს - ტემპს აკრეფ, შეუჩერებლად წაიკითხავ რამდენიმე კარგ (ან არც თუ ისე კარგ) წიგნს და მერე პაუზა გესაჭიროება. თუმცა, მგონი ვცოცხლდები ნელ-ნელა. ”The Virgin Suicides" რომ მოვრჩები ამ დღეებში უფრო ზუსტად მეცოდინება, ტემპი აღვიდგინე თუ არა. 

ისევ როის რომანს მივუბრუნდები. 

”The God of Small Things" ძალინ ოსტატურად დაწერილი სადებიუტო რომანია. სტრუქტურულადაც და ლექსიკურადაც. ამ ინდოელმა მწერალმა შეძლო ინდოეთზე, მის სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებზე ეწერა და მაინც ეროვნებისაგან დამოუკიდებელი, უნივერსალური საკითხები მოეცვა; ესაუბრა ხელოვნურად შექმნილ ”სიყვარულის კანონებზე”, რომლებიც გვიწესებენ ვინ უნდა გვიყვარდეს, რამდენად და როგორ; ეჩვენებინა, რომ წარმომავლობის მიუხედავად, ადამიანებს ერთნაირად უყვართ და სტკივათ; ერთნაირად ესობათ გულში  ღამის პეპელას ცივი ფეხები (ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მეტაფორა რომანიდან) და შეცდომებსაც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ერთნაირად უშვებენ. 

არსებობენ ”დიდი საკითხის ღმერთები”, რომლებიც მნიშვნელოვან საკითხებს განაგებენ - მასშტაბურს, კაცობრიობისათვის საჭირო, მისაღებ და შესამჩნევ საკითხებს; მაგრამ არსებობენ ”პატარა საკითხების ღმერთები”, ისეთი საკითხებისა, გლობალურ ჭრილში რომ ბავშვურ სისულელედ აღიქმება, არადა პიროვნების საშენი ძირითადი მასალაა. უკმეხად ნათქვამი სიტყვა, ფარული მზერა, ელვის პრესლის ვარცხნილობა, პლასტმასის ფერადი სათვალე და გამოგონილი სახელები როლში უკეთ შესაჭრელად - ასეთებსაც საკუთარი ღმერთი ჰყავთ, რომელიც შეიძლება ისე შეგიყვარდეს, რომ ძალაუნებორად შეიწირო. მგონი ამაზეა წიგნი დაწერილი და თუ სხვა პერსპექტივას შემომთავაზებთ, მადლობის მეტი რა მეთქმის.