March 19, 2011

ჰარუკი მურაკამი: ნადირობა ცხვარზე

ჰარუკი მურაკამი
ნადირობა ცხვარზე
მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

რამდენიმე რამ უნდა ვაღიარო და რაღაცებში გამოვტყდე:
  1. ძალიან ბევრჯერ ჩამივლია გულგრილად მურაკამის წიგნებისთვის მაღაზიებში
  2. ამ კონკრეტული ნაწარმოების კითხვისას 70-ე გვერდზე ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოვედი, რას ვკითხულობდი
  3. სანამ წიგნის შესახებ რამეს დავწერდი, ინტერენტში სხვათა მოსაზრებები მოვიძიე
  4. ვერ გამირკვევია, თარგმანით დავრჩი უკმაყოფილო თუ მურაკამის წერის მანერით
  5. ვერასოდეს ვიქნები დარწმუნებული, გავიგე თუ არა ”ნადირობა ცხვარზე”
  6. მიუხედავად ყველაფრისა, ფაქტია, რომ წიგნი მომეწონა.

ეს წიგნი ყველაფრის ნაზავად მეჩვენა - დასავლეთის მოდერნიზაციისა და აღმოსავლეთის ეგზოტიკის; დეტექტივის, მისტიკისა და მაგიური რეალიზმის; კომედიისა და დრამის ნარევად. გამომდინარე იქიდან, რომ ამ მწერალს თითქმის არ ვიცნობდი ამ რომანამდე (წლების წინ წაკითხული ორი მოთხრობა რა ჩასათვლელია), არავითარი წინასწარ ჩამოყალიბებული მოლოდინი და განწყობა არ მქონდა და ეს მგონი წამადგა კიდეც. იყო ეპიზოდები, რომლებიც თითიდან გამოწოვილად მომეჩვენა. ვერაფრით გამეგო, რა საჭირო იყო ჯადოსნურ ყურებზე ამდენი საუბარი, ან თითოეული აზრის სექსუალურ შეგრძნებებთან დაკავშირება, მაგრამ ბოლოს ისე ჩავერთე სიუჟეტში და ჩემთვის საინტერესო იმდენი დეტალი აღმოვაჩინე, რომ დაწვრილმანებას შევეშვი და მთავარ გმირს მეგზურად ვექეცი.

სახელწოდება არავითარ ალუზიას არ წარმოადგენს. წიგნის ფაბულა, პირდაპირი მნიშვნელობით, ცხვარზე ნადირობის შესახებ მოგვითხრობს. ჩემი ნება რომ იყოს, ”ნადირობას” ”დევნით” ჩავანაცვლებდი. მთავარი გმირი ერთ კონკრეტულ ცხვარს ეძებს და მისტიკურ ხლართებში ებმება. სენსეისგან დავალებას იღებს, თავისი, სიბერისგან ლამის უკვე დაშლილი კატისთვის სახელად ქაშაყის დარქმევის უფლებას გასცემს, ჯადოსნურყურებიან გოგონას ხელს ჰკიდებს და ჰოკაიდოს მიაშურებს. კატისა და სასტუმრო დელფინის გარდა აქ სახელი არავის და არაფერს ჰქვია. ამ თემაზე ერთი ძალიან საინტერესო დისკუსიაცაა რომანში, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ ვერ ახერხებს სახელწოდება სახელდებული ნივთის არსის გადმოცემას და ამის გამო რამდენი რამ შეიძლება შეიცვალოს გარშემო არსებულ წესრიგში. სწორედ ეს საუბარი მეჩვენა საკვანძო მომენტად.

საბოლოო ჯამში, ძალიან საინტერესო რომანია საინტერესო პერსონაჟებით, გროტესკული სახეებითა და მოვლენათა გამაოცებელი განვითარებით. რაც უფრო ღრმად ეფლობით ფაბულის განვითარებაში, მით უფრო გული გწყდებათ წასაკითხი გვერდების შემცირებულ რაოდენობაზე. წიგნის კითხვის დასრულებისას მასზე ფიქრის შეწყვეტა კი ლამის წარმოუდგენლად მეჩვენება.

March 15, 2011

დიბისი პიერი: ვერნონ გენიოს ლითლი



დიბისი პიერი (DBC Pierre)
ვერნონ გენიოს ლითლი (Vernon God Little)
მთარგმნელი: ქეთი ქანთარია
ყდის დიზაინი: მართა თაბუკაშვილი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

”-შენ თვითონა ხარ შენი თავის ღმერთი და უფალი! აიკიდე ზურგზე ეგ პასუხისმგებლობა! შეირგე ძალაუფლება!”

არის წიგნები, რომელთა შესახებ გაგების, მათი წაკითხვის სურვილის გაჩენასა და უშუალოდ წაკითხვას შორის რამდენიმეწლოვანი პერიოდი გადის. ჩემთვის ვერნონ გენიოს ლითლი სწორედ ასეთ ნაწარმოებთა სიას მიეკუთვნება. არ ვიცი, თექვსმეტი წლის ასაკში რომ წამეკითხა, განსხვავებული შთაბეჭდილება დამრჩებოდა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ 2011 წელს შემოაღწია დიბისი პიერმა ჩემს პირად ბიბლიოთეკაში და ახალი პოსტი შეჰმატა ბლოგს.

21-ე საუკუნის კომედია სიკვდილი თანხლებით - ასეთი დამატება აქვს წიგნის სახელწოდებას და როცა მოვლენათა განვითარების აბსურდულობა ტვინს ურევს მკითხველს, ეს ფრაზა ნამდვილად კარგი დამხმარეა ხედვის პირვანდელი კუთხის დაბრუნების მცდელობისას. შავი იუმორითა და უტრირებული სტერეოტიპებით (თუკი ასეთი სიტყვათშეთანხმება შეიძლება არსებობდეს) სავსე ეს რომანი სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებულ ემოციას იწვევს: აღშფოთებისა და გაოგნების, დაცინვის სურვილის, თანაგრძნობის, გაღიზიანებისა და სიბრალულის შეგრძნებები ერთმანეთს ცვლის; ხანდახან ეს ყველაფერი ერთსა და იმავე აბზაცშიც კი ხდება. ზოგიერთ ეპიზოდში კი ისეთ სარკაზმსა და ცინიკურ შედარებებს შეხვდებით, რომ ხმამაღლა გადაიხარხარებთ კიდეც. სლენგი და ფრაზეოლოგია ისე ზუსტადაა გადმოქართულებული, რომ კითხვის მთელი პროცესის განმავლობაში მთარგმნელისადმი მადლიერების გრძნობით ვიყავი აღსავსე.

თხუთმეტი წლის ვერნონ გრეგორი ლითლი თხრობას შერიფის კაბინეტიდან იწყებს, სადაც პოლიციელი ქალი ”ბარნის ბარბექიუს” ნეკნებით პირს იტკბარუნებს, შერიფი სკოლაში სასაკლაოს მოწყობის თანაორგანიზატორობაში ადანაშაულებს, დედა მხოლოდ სატელეფონო ზარით იკმაყოფილებას შვილის ასავალ-დასავალის გაგების სურვილს, ვიღაც ლალო ლადესმა ღამის კოშმარივით დაატყდება თავს უკვე ყელამდე ქაქში ჩაძირულ მოზარდს და ყველაფერში აწ უკვე გარდაცვლილი ხესუსია დამნაშავე (ინგლისურ ენაზე ხესუსსა და იესოს ერთი და იგივე მართლწერა აქვს). გულგრილობის სენით დაავადებული საზოგადოება, სადაც ყველას შეუძლია 15 წუთით ცნობილი გახდეს და ამისთვის სულსაც გაყიდის, მაცივარში გაცვლის და სიკვდილმისჯილთა ბედს სატელეფონო ზარებით გადაწყვეტს. ცხოვრება, როგორც მასშტაბური რეალითი შოუ, სადაც გადარჩენის ერთადერთი გზა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და თავის უფლობაა; სხვაგვარად ქალაქ მარტირიოში განტევების ვაცად იქცევით.

ბევრგან შევხვდი მოსაზრებას ვერნონ ლითლსა და ჰოლდენ კოლფილდს შორის პარალელების გავლების შესახებ, მაგრამ შედარებაც კი მიჭირს, იმდენად სხვადასხვა მგრძნობელობის მქონე პერსონაჟები არიან. თუმცა ვინ იცის, სელინჯერს რომ თავის რომანი 50 წლით გვიან დაეწერა, რა გამოვიდოდა. დიბისი პიერს რა გამოუვიდა და რატომ ჰქვია ნაწარმოებს ”ვერნონ გენიოს ლითლი” ამას ვერავითარი რეცენზია ვერ გადმოგცემთ. თავად წაიკითხეთ.


February 2, 2011

სიგრიდ უნსეტი: ვიკინგები



სიგრიდ უნსეტი (Sigrid Undset)
ვიკინგები (Fortællingen om Viga-Ljot og Vigdis)
მთარგმნელი: მზია ბაქრაძე
მხატვარი: ნათია კვარაცხელია
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა


უბრალო დამთხვევაა, მაგრამ აღსანიშნავი - ისევ სკანდინავიელი მწერლის ნაწარმოებს ვუთმობ დროსა და მონდომებას. მგონი, ჩრდილოეთის სიცივე მიზიდავს, რომელიც ასე ოსტატურად იყო უნსეტის წიგნში მხურვალე ვნებებზე გადაკრული.

” ”ვიკინგები” X-XI საუკუნეების ნორვეგიისა და ისლანდიის ცხოვრების ამსახველი ისტორიული რომანია, რომელიც უძველესი ისლანდიური საგების სტილით ტრაგიკული სიყვარულისა და შურისძიების შემზარავ ამბავს მოგვითხრობს” ვკითხულობთ წიგნის ყდის უკანა მხარეს და ამაზე ზუსტი და კონკრეტული აღწერის პოვნა ძნელია. მხოლოდ გავრცობა შეიძლება და ისიც დიდი სიფრთხილით, რომ დაინტერესებულებს ახალი წიგნის წაკითხვის სიამოვნება ფაქტების აღწერით არ გავუფუჭო.

ერთი ცუდი ჩვევა მაქვს: წიგნის წაკითხვასა და მასზე დაწერას შორის ძალიან დიდ პაუზას ვაკეთებ, არადა ვიცი, რა ცუდად მამახსოვრდება დეტალები. ”ვიკინგების” შემთხვევაშიც ასე მოხდა - თვეზე მეტი გავიდა უკვე, პერსონაჟთა და გეოგრაფიულ ადგილმდებარეობათა უმეტესობის სახელები და დასახელებები, დიალოგები აღარ მახსოვს, მაგრამ ამ თხელტანიანი წიგნისგან გამოწვეული შეგრძნებები ისეთი მძაფრი იყო, რომ ჯერ განელება ვერ მოუსწრია.

კითხვისას გამიჭირდა შევჩვეოდი აზრს, რომ მოქმედება არაქრისტიანულ, მისი დოგმებისგან თავისუფალ გარემოში ხდება. ძალიან მკაფიოდ ჩანს წინააღმდეგობა თანამედროვეობის დასავლური ცივილიზაციის აზროვნებასთან. ამის გამო წიგნის დასაწყისში შოკური ეფექტი აქვს ზოგიერთი პერსონაჟის მოქმედებას. მერე გახსენდება, რომ X-XI საუკუნის წარმართულ ნორვეგიასა და ისლანდიაში ხარ, ვიკინგებით გარშემორტყმული და თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დგება, მაგრამ სიმძაფრე არც ერთი წამით არ იკარგება; არადა მოკლე, სხარტი, უბრალო გრამატიკული სტრუქტურის წინადადებებისგან შემდგარი ტექსტია - თითქოს ფოლკლორულ თქმულებასავით გაურანდავი. ენისა და შინაარსის კონტრასტულობამ, თხრობის მანერის სიმარტივემ, მე პირადად, ავტორის ზემოქმედებისგან გამათავისუფლა და ჩემს ნებაზე მიმიშვა შთაბეჭდილების ჩამოყალიბებისას.

თვალს ვადევნებდი როგორ იწრთობოდა ქერა ვიგდისი და ბრძენ, ძლიერ ქალად ყალიბდებოდა; როგორ ცდილობდა ვიგა-ლიოტი ერთი შეცდომის გამოსწორებას და სამაგიეროდ უამრავ სხვას სჩადიოდა; რამხელა ტვირთად აწვათ მხრებზე არსებული მოვალეობები და საზოგადოებაში არსებული ღირებულებები, რომლებიც შეიძლება საკუთრად არც მიაჩნდათ; რაც მთავარია - შიშისათვის არავის სცალია, თითქოს ეს გრძნობა არ არსებობს. წარმოუდგენელი სიმამაცითაა სავსე მთელი ამბავი.მომხიბლა ადამიანური ღირსების შეგრძნებამ იმ პესონაჟებშიც კი, რომელთაც არაერთი განსაცდელის გადატანა და, ზოგ შემთხვევაში, სიცოცხლის დათმობაც დასჭირდათ მის აღსადგენად.

საგა სიძულვილამდე მისული სიყვარულის, შურისძიების, სიამაყის, სურვილებისა და მოვალეობების დაპირისპირების, რეალობასა და არსებულ მოლოდინს შორის გაჩენილი ნაპრალის შესახებ, რომელიც ყინულის თხელი ფენის მიღმა ვითარდება.


December 12, 2010

წწგ, 2011 და გამქრალი ოთხშაბათი





2011 ჯერ არ დამდგარა, მაგრამ დროს ისეთი სისწრაფით გადის, მეშინია, ახალი წელი არ გამომეპაროს, როგორც ამას წინათ ოთხშაბათი გამომეპარა. არ მახსოვს, რამდენი ხნის წინ იყო, მაგრამ მე მქონდა კვირეული, სადაც ოთხშაბათი დღე არ იყო; სამშაბათიდან პირდაპირ ხუთშაბათზე გადავედი. დღემდე არ ვიცი, როგორ მოხდა. დღესაც დაახლოებით გაქრობის ღირსი შაბათი დაღამდა, თუმცა ამ პოსტით ისე მივაჭედე რეალობას, რომ მეეჭვება, აორთქლება მოახერხოს.

2011 მოდის და ჩემი საყვარელი საქმიანობით - სიების შედგენითა და გეგმების დასახვით შემიძლია დავკავდე. მერე რა, რომ იშვიათად ვასრულებ რომელიმე მათგანს. ყოველთვის მაქვს საყიდელი ნივთების, სანახავი ფილმებისა და წასაკითხი თუ შესაძენი წიგნების სია, რომელსაც წწგ - წასაკითხი წიგნების გროვა ჰქვია (ანუ TBR pile -ის სიტყვა-სიტყვითი თარგმანი)

წწგ 2011-ში შემავალი წიგნების სია ჯერ არ მაქვს, მაგრამ რაოდენობრივად 2010-ს რომ უნდა გადააჭარბოს, ეს დანამდვილებით ვიცი. ამაზონის Wish List-ში ოდესღაც ჩამატებულ წიგნებსაც გადავხედავ და სახლში, ზედა თაროებზე შემოდებულებსაც.

რამდენიმე წიგნი, რომელიც უახლოეს მომავალში აუცილებლად მოხვდება ჩემს მაგიდაზე, ჩანთაში, საწოლში, სამსახურში, საბუთების ქვეშ შემალული და ა.შ.:

Howard Jackobson: The Finkler Question - ბუკერის პრემიის ლაურეატებს უნდა დავერიო და უახლესით დავიწყებ. რატომაც არა :) არც წიგნზე და არც ავტორზე ბევრი არაფერი ვიცი, ამიტომ ვერც აქ დავწერ.

Khaled Hosseini: The Kite Runner და A Thousand Splendid Suns -ჰოსეინი აშშ-ში ემიგრირებული ავღანელი მწერალია და ეს ორი წიგნიც, შესაბამისად, ავღანეთს ეხება. ვინც ჩემი პოსტი წაიკითხა საიეშტადის ნაწარმოების, ”ქაბულელი წიგნებით მოვაჭრის” შესახებ, მიხვდება, რომ ავღანეთის თემა ძალიან მაინტერესებს. The Kite Runner-ის სათაური მომწონს ძალიან: თავის დროზე თალიბებმა ფრანი აკრძალეს ავღანეთში, იმიტომ რომ ”ფრანით გართობას ისეთ სავალალო შედეგებამდე მიჰყავს ახალგაზრდა თაობა, როგორიცაა სანაძლეოს დადება, გაკვეთილების გაცდენა და ბავშვების სიკვდილიანობა.” გული მიგრძნობს ამ წიგნს თავისუფლების სუნი ექნება.

Jonathan Franzen: Freedom - ამ რომანმა ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია 2010 წელს, რომ თავმოყვარე ლიტერატური მოყვარულმა მისი წაკითხვა მინიმუმ უნდა მოინდომოს. "Jonathan Franzen's Freedom (Fourth Estate) was head and shoulders above any other book this year: moving, funny, and unexpectedly beautiful. I missed it when it was over." - guardian.co.uk

ეს ის ავტორებია, რომელთა კონკრეტული ნაწარმოებებიც შეგულებული მაქვს. ქართული ლიტერატურიდან უნდა ამოვარჩიო რაიმე, თან 2011 წელი ვეფხისტყაოსნის გადაკითხვის წლად მაქვს ჩაფიქრებული. არიან ისეთი მწერლებიც, რომლებიც სიაში მყავს, მაგრამ ნაწარმოებები არ შემირჩევია. აქ ჩამოწერას აზრი არ აქვს, იმდენი დამიგროვდნენ.

დიდი სიამოვნებით მივიღებ ნებისმიერ რჩევასა თუ შემოთავაზებას :)

December 7, 2010

ოსნე საიეშტადი : ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე


მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე
ყდის დიზაინი: მართა თაბუკაშილი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009

არ ვიცი ერთი გვერდის წაკითხვას რამდენ ხანს ვანდომებ; ალბათ წუთზე ცოტა მეტს, მაგრამ ფაქტია, რომ “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრის” კითხვისას 302 გვერდის განმავლობაში საშინელი ბრაზი მახრჩობდა.
წიგნის ავტორი დღემდე სასამართლო პროცესშია ჩართული – ნაწარმოების მთავარი გმირის პროტოტიპი და მისი ოჯახი უჩივიან პირადი ცხოვრების დეტალების გამოაშკარავებისა და ფაქტების დამახინჯებისთვის, მაგრამ რაც არ უნდა გაზვიადებული იყოს აღწერილი მოვლენები, ისინი მაინც შემზარავ ამბებად რჩებიან ჩემთვისაც და უამრავი სხვა მკითხველისთვისაც.

ოსნე საიეშტადი (Åsne Seierstad) ნორვეგიელი ჟურნალისტი და ომის კორესპონდენტია, რომელმაც რამდენიმე თვე გაატარა ქაბულში წიგნებით მოვაჭრის სახლში სტუმრის სტატუსით და შედეგად წიგნიც დაწერა, რომლის შესახებაც მასპინძელი წინდაწინვე გააფრთხილა და ნებართვაც მიიღო მისგან.

ავტორი გვიყვება ისტორიებს, რომელთაგან ზოგიერთს თავად შეესწრო, დანარჩენი კი ოჯახის სხვადასხვა წევრის მონათხრობებიდან ამოკრიფა.

ავღანეთი რომ ადამიანთა და განსაკუთრებით – ქალთა უფლებების დარღვევების კერაა, პირველად ამ წიგნიდან არ გამიგია და ადრე წაკითხული, ნანახი და გაგონილიც კმაროდა შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად; თუმცა აღშფოთების დონეზე ამას არ უმოქმედია. აღარ აქვს მნიშვნელობა არსებული ვითარება ვისი ბრალია - თალიბებისა თუ უხსოვარ დროში ჩასახული უძველესი ტრადიციების. ვერასოდეს შევძლებ პარკში ბიჭთან ერთად გასეირნების გამო გოგონას დედის ნებართვით ძმების მიერ მოკვლის გამართლებას; ისევე როგორც ვერავითარი ტრადიციით ვერ ვამართლებ რამდენიმე თვის წინ Time Magazine-ის ყდაზე გამოსახული ცხვირ და ყურებ-წაჭრილი ქალის მიმართ გამოჩენილ სისასტიკეს. ასეთი ამბები კი მრავლადაა წიგნში. იმდენად მრავლად, რომ ღამე მშვიდად ძილს არ გაცლიან. თუმცა, მარტო ქალთა ყოფას ნამდვილად არ ეხება ავტორი. ეს მე, როგორც მდედრობითი სქესისა და ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანს დამამახსოვრდა ასე მკაფიოდ.

ზოგი პერსონაჟი შემეცოდა, ზოგიც შემზიზღდა, ზოგის ვერაფერი გავიგე, მაგრამ არც ერთი შემყვარებია. დამაბნია სულთან ხანის არსებაში მოქცეულმა საოცარმა პოლარულობამ - ის ერთის მხრივ განათლებული, ლიბერალური შეხედულების მქონე, ფანატიზმის მოძულე წიგნებით მოვაჭრეა, მეორეს მხრივ კი აუტანელი, სისასტიკით გაჯერებული პატრიარქი. ვერ გავუგე ვერც შარიფას - სხვათა გასაჭირის გაგების იოტისოდენა უნარიც რომ არ გააჩნია, არადა თვითონაც იგივე გზა აქვს გამოვლილი. მძაგს მანსური მისი ასეთი უნიათობისათვის. მეცოდება და მაბრაზებს ლეილა თავისი მორჩილებით, ბრძოლის უუნარობითა და შანსების ხელიდან გაშვების გამაოგნებელი მოხერხებულობით. ძალიან ბევრი მატირა დურგლის ოჯახმა. წიგნის დასრულებისას კი მივხვდი, რომ ვერავის ვერაფერში დავადანაშაულებ. ვერაფერს მოითხოვ ხალხისგან, რომელიც აიძულეს ფრანის გაშვებისა და საკუთარ ქორწილში ცეკვის უფლების მიცემისათვის მადლობელი იყოს.

მწარე წიგნია. არ ვიცი სასამართლო პროცესი როგორ დასრულდება და ეთიკურად რამდენად გაამართლებენ მის გამოქვეყნებას, მაგრამ მე მიხარია, რომ ქართულ ენაზე ითარგმნა. კიდევ ბევრი შემიძლია დავწერო, მაგრამ შეიძლება რაიმე ზედმეტი წამომცდეს და არასაჭირო ინფორმაცია მოგაწოდოთ წინასწარ. ”ქაბულელი წიგნებით მოვაჭრის” წაკითხვას სიამოვნებას ვერ დავარქმევ, მაგრამ კარგი იქნება, თუკი თქვენც გადაიკითხავთ.

p.s. ქართულ ინტერნეტ სივრცეში ამ ნაწარმოების კიდევ ერთი მიმოხილვა აღმოვაჩინე და ვთვლი, რომ აქ მისი ლინკის დადება უადგილო სულაც არ იქნება.

November 12, 2010

ერლენდ ლუ: ნაივური. სუპერი



მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე

ყდის დიზაინი: მართა თაბუკაშვილი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2008


ერთზე მეტჯერ სულ რამდენიმე წიგნი მაქვს წაკითხული:
  • ასტრიდ ლინდგრენის “ბიულერბიელი ბავშვები” და “ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი” – იმიტომ რომ თავისუფლების სუნი ასდიოდა, მე კი ძალიან მინდოდა თბილისის ერთოთახიან ბინაში გამოკეტილის ნაცვლად შვედურ ხუტორში თავისუფალ ბავშვად ყოფნა.
  • უილიამ ფოლკნერის “ხმაური და მძვინვარება” – იმიტომ რომ ერთდროულად შემიყვარდა და ვერ გავუგე. ამის წაკითხვა კიდევ ბევჯერ მომიწევს – იმაზე მეტად მიყვარს და ვერ ვუგებ, ვიდრე ადრე.
  • ჯ.დ. სელინჯერის “Catcher in the Rye” - იმიტომ რომ ჩემი არსების რაღაც ნაწილი ყოველთვის ამ ასაკში იქნება
  • ერლენდ ლუს “ნაივური. სუპერი” – იმიტომ რომ:
”ნაივური. სუპერი” მართლაც გულუბრყვილოდ მარტივად დაწერილი, არც თუ ისე მარტივი წიგნია. პირველივე წინადადებიდან კარგად იკითხება; თითქოს წიგნის კითხვას კი არ იწყებ, არამედ აგრძელებ. თითოეული წინადადების გრამატიკული სიმარტივე ზუსტად ეხმაურება ნაწარმოების სტილს და ჩანაფიქრს: რთულ თემებზე მარტივად ფიქრი, პატარ-პატარა დოზებით, შესაძლებლობის ფარგლებში და რაც მთავარია, დიდაქტიკური ტონის გარეშე.

ამბავი 25 წლის ადამიანის ცხოვრებაში გაჩენილი ორთვიანი შავი ხვრელის შესახებ, რომელშიც ყველაფერი ქრება - დროისა და სიცოცხლის შეგრძნება; აღტაცების უნარი; მიზანი. მათ ადგილს ერთი დიდი, სასტიკი უაზრობა და საგანთა შორის კავშირის არსებობაში შეპარული ეჭვი იკავებს, საშველი კი არსაიდან ჩანს. მთავარ პერსონაჟი სწავლას და მთელ ადრინდელ ცხოვრებას თავს ანებებს, დროებით გამგზავრებული ძმის ბინაში გადადის საცხოვრებლად და სიების ჩამოწერა სჭირდება იმისათვის, რომ გაიხსენოს, ბავშვობაში მაინც რა აღაფრთოვანებდა, ან მიხვდეს რა ესაჭიროება. ეს სიები წიგნის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და თუ ჩემსავით მოიხიბლებით მათით, რამდენიმე ცალს თქვენ თვითონაც შეადგენთ საკუთარი თავისთვის.

წიგნი შეგრძნებებზე, ყოველგვარი სენტიმენტალიზმისა და გადამეტებული დრამის გარეშე; მძიმე წიგნებს შორის წასაკითხი და უაზრობის შეგრძნების დროს გადასაკითხი. წიგნი იმაზე, რომ ”ძმობა ფულზე გაცილებით მნიშვნელოვანია” და რომ დრო ყველგან ერთნაირი არაა, არსებობს ”ჩემი დრო, შენი დრო, პაულის დრო, მზის დრო”; რომ ადამიანი იმდენად პატარა და მოცუცქნულია, იმდენად მინიმალურია მისი გავლენა გარშემო არსებულ სამყაროზე, რომ ერთადერთი რისი კეთებაც ღირს - დროის კარგად გატარებაა.

თუკი აზრს დამეკითხებით, გირჩევთ - წაიკითხეთ ერლენდ ლუს ”ნაივური. სუპერი” და შემდეგ რამდენჯერაც გნებავთ, იმდენჯერ გადაიკითხეთ. კარგი წიგნია.

ნუცა ნ

P.S. ნაივური. სუპერი. ქართულ ბლოგოსფეროში:



October 16, 2010

იუნას გარდელ: ერთი კომიკოსის ბავშვობა



იუნას გარდელ
ერთი კომიკოსის ბავშვობა
გამომცემლობა: სიესტა
მთარგმნელი/ფოტოს ავტორი: დიმიტრი გოგოლაშვილი
ყდის დიზაინი: მაია მაჩალაძე




შეუნდე შენს თავს


იუნას გარდელის ”ერთი კომიკოსის ბავშვობა” ერთ-ერთი იმ იშვიათ წიგნთაგანია და მგონი - ერთადერთიც, რომელიც ჯერ ინგლისურად არ თარგმნილა, ქართულად კი უკვე გვაქვს. შესაბამისად, ინგლისურ ენაზე ვერც მისი მიმოხილვა, ანუ რევიუ მოვიძიე ვირტუალურ სივრცეში; არადა რა კარგი წიგნია და როგორ მეცოდება ჩემნაირი დილეტანტის ხელში რომ მოხვდა, მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი და ახლა თითებს კლავიატურაზე, ფიქრებს კი ბავშვობის მოგონებებზე ვაკაკუნებ.

გარეკანი სულაც არ გამოიყურება ისე, როგორ ეს ამ ბლოგპოსტშია. ის სასიამოვნოდ მკაფიო და ნათელია, უბრალოდ, სურათის გადაღებისას ხელი ამიცდა და შედეგით იმაზე კმაყოფილი დავრჩი ვიდრე ეს მკითხველს ჰგონია. ამაზე უკეთესს ვერაფერს მოვიფიქრებდი. ვიზუალურად ზუსტად ასახავს ჩემში გამოწვეულ შეგრძნებებს. დიდხანს არ უყუროთ - თავბრუსხვევას იწვევს. (სამწუხაროდ, ტექნიკური მიზეზების გამო ფოტო დაიკარგა :( ) წიგნიც ასეთია - მოგონებებივით გადღაბნილი, მაგრამ ძალიან მძაფრი. ბავშვურად შეულამაზებლად მოყოლილი ისტორიები, თევზის თვალით დანახული კადრები, რომლებსაც მონდომებით ტენი წიხლით ქვეცნობიერში რომ ვერასოდეს ვერავინ დაინახოს, მაგრამ მაინც ჭუჭყიანი თეთრეულივით თოკზე გამოფენილი გრჩება. ყველაზე მძაფრი აქ სირცხვილის და სინანულის შეგრძნებაა. სირცხვილი იმის გამო, თუ რა იყავი და რა - არა. სინანულიც იმისა, თუ რა გახდი და რა - ვერ.

ეს რა უქნიათ იმ ნაძირალებს. მე კი ცხვარივით ვიდექი და ვდუმდი.
იცი რა ვუთხარი სტეფანს? მაპატიე, ჩემი წასვლის დროა, სასტუმროში მეჩქარება, ხვალ ადრე ვარ ასადგომი, თვითმფრინავზე რომ არ დამაგვიანდეს, ხომ იცი, რა დაკავებული ვარ-მეთქი.
საბრალო ქვეშაფსიასავით ვეხვეწებოდი, რომ გავეშვი...

წიგნი სისასტიკეზე და სინაზეზე, მეგობრობაზე და გაუცნობიერებელ ღალატზე, უთქმელზე და საკუთარი თავისთვის უპატიებელზე, აუხდენლობისგან მივიწყებულ ოცნებებზე; და ჩემთვის - ეს არის წიგნი აუტანელ მარტოობაზე.

გახსოვს რა გვიქნეს, თომას?
ნახევარკაცებად გვაქციეს.
ამას ვერასოდეს დავივიწყებ და ვერც ვერავის ვაპატიებ.
შენ ისეთი კეთილი იყავი, რომ სიძულვილის უნარიც არ შეგწევდა. ახლა შეგიძლია მშვიდად იყო, რადგან ორივეს ბოღმა ჩემს თავზე ავიღე.

რამდენ ბავშვობისდროინდელ მოგონებას დავკუჭავდი და მოვისროდი სანაგვეზე სიამოვნებით! ამ წიგნმა გამახსენა, რატომ არ მომნატრებია არასოდეს ბავშვად ყოფნა. ვიცი, რომ მინიმუმ კიდევ ერთხელ გადავიკითხავ - შვილი რომ მეყოლება.

ნუცა ნ

October 10, 2010

Magic for Me is...

Here comes my first blogpost in English. Actually, it's my first blogpost in any language and I would like to thank Belen Islas for tagging me. Otherwise I would have never decided to write (although I have a secret romance with all kinds of lists :) )

So, to cut the long story short, here are the things that came to my mind first, when thinking about magic; however, I'm still having a hard time to believe in it.
  • riding a bike
  • rainbow
  • orange moon
  • heavy fog 
  • humble touch after finally overcoming the 10cm-distance between hands...
  • ability of expressing admiration for somebody 
  • 'Hedgehog in the Fog' by Yuriy Norshteyn
I prefer not to tag anyone, but if you would like to list magical things in comments or send me their list in PM, you're more than welcome to do so. As I already mentioned - I love lists. A lot.

P.S. I think the post could have come out much better, but I prefer not over-editing it. Cheers.